WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სომხეთის რესპუბლიკამ რუსეთის ფედერაციაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ორწლიანი მუშაობის შემდეგ ვადაზე ადრე შეცვალა.

ბიზნესმენი და ყოფილი პარლამენტარი გურგერ არსენიანი, რომელიც 2024 წლის ოქტომბრიდან იკავებდა რუსეთში სომხეთის ელჩის თანამდებობას, 2026 წლის 20 ნოემბერს პოსტიდან გაათავისუფლა პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა.

გურგენ არსენიანი სომხეთის პრეზიდენტის 20 ნოემბრის მორიგი ბრძანების საფუძველზე უკვე შეცვალა ვეტერანმა კარიერულმა დიპლომატმა, სამველ მკრტიჩიანმა.

„უთანხმოება პროდასავლური პოლიტიკის გამო?“

არსენიანის წასვლას წინ უძღოდა სომხურ მედიასა და პოლიტიკურ წრეებში თვეების განმავლობაში გავრცელებული სპეკულაციები მისი თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ.

სომხური მედია 2026 წლის დასაწყისში იუწყებოდა, რომ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა გეგმავდა მის შეცვლას, რადგან ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ ელჩ არსენიანს მთავრობასთან უთანხმოება ჰქონდა ქვეყნის პროდასავლური საგარეო პოლიტიკის გამო.

არსენიანმა აგვისტოში უარყო ასეთი ინფორმაცია და მათ ჭორები უწოდა.

2026 წლის 3 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩი არსენიანი „თანამშრომლობისთვის“ მედლით დააჯილდოვა.

მას ჯილდო საგარეო მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა გადასცა „რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების განვითარებასა და გაძლიერებაში შეტანილი წვლილისათვის“.

გალუზინმა და არსენიანმა 3 ნოემბერსვე განიხილეს „ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული დღის წესრიგის არაერთი საკითხი".

არსენიანი-გალუზინის პირველი ოფიციალური შეხვედრა. 2024 წლის 11 სექტემბერი

არსენიანი-გალუზინის პირველი ოფიციალური შეხვედრა. 2024 წლის 11 სექტემბერი
  • 2024 წელს, როდესაც გურგენ არსენიანი ელჩად დაინიშნა, დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის ნულოვანი გამოცდილება ჰქონდა.
  • 2000 წლიდან ის სომხეთის პარლამენტის წევრი იყო. ფაშინიანის გუნდამდე ის ექსპრეზიდენტების, რობერტ ქოჩარიანისა და სერჟ სარქიანის პარტიების წევრი იყო.

ვინ არის ახალი ელჩი

67 წლის მკრტიჩიანს წარსულში უმუშავია სომხეთის ელჩად პოლონეთსა და ლიბანში.

იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ეუთოს აწ უკვე გაუქმებულ „მინსკის ჯგუფში“ სომხეთის მთავრობის წარმომადგენელი ჯგუფის წევრი.

კარიერის განმავლობაში ის ასევე მუშაობა სომხეთის დროებით საქმეთა რწმუნებულის თანამდებობაზე ავსტრიაში, უნგრეთსა და სლოვაკეთში.

იყო ელჩის მოადგილე ეუთოში, გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციასა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში.

ფაშინიანი 3 დეკემბერს მოსკოვში შეხვდება პუტინს

ახალი ელჩის სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების სულ უფრო მეტად გაუარესების ფონზე დანიშნეს.

სომხეთის ტრადიციულად მჭიდრო კავშირები რუსეთთან ბოლო წლებში გაუარესდა.

  • ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა ევროკავშირთან და სხვა დასავლელ პარტნიორებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას ცდილობს.
  • მოსკოვმა არაერთხელ გააკრიტიკა ერევნის საგარეო პოლიტიკის ცვლილება.
  • დაძაბულობა ასევე გაამწვავა რუსეთის სავაჭრო შეზღუდვებმა, რომლებიც სომხურ ექსპორტზე ახდენს ზეგავლენას.

19 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ 3 დეკემბერს მოსკოვში ჩასვლას გეგმავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისთვის.

მოსალოდნელია, რომ ორი ლიდერი კვლავ განიხილავს რუსეთის მოწოდებებს სომხეთისადმი, გააკეთოს არჩევანი ევროკავშირში გაწევრიანებასა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენას შორის.