WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პატიმრობაში მყოფი ცხოველთა დამცველი, 64 წლის ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობას იწყებს.

„ამდენ სიბოროტეს, ძალადობასა და ტერორს მე, ერთი კაცი, დღეიდან დაუნდობელ ბრძოლას ვუცხადებ და ვიწყებ შიმშილს“, - წერს ის „ტვ პირველისთვის“ 8 სექტემბერს გამოგზავნილ წერილში.

„მეგობრებო, ვისაც გიყვართ საქართველო და ვისაც გინდათ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, გთხოვთ, დამიდექით გვერდში ამ საშვილიშვილო და სამართლიან ბრძოლაში“, - სწერს იგი ტელეწამყვანი ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციას“.

იგი ასევე საუბრობს დაპატიმრების შემდეგ პოლიციელების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ელიზბარაშვილს 4 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა;
  • პოლიციამ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველ სექტემბერს, საღამოს საათებში გააჩერა, როდესაც ის ავტომობილით გადაადგილდებოდა ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად;
  • იმავე დღეს პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა ელიზბარაშვილის სახლში.
  • გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ჩხრეკა ჩატარდა, დაწყებულია 30 აგვისტოს რესტორან „სხვაში“ პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებთან მომხდარი ინციდენტის გამო;
  • 31 აგვისტოს თამაზ ელიზბარაშვილმა ფეისბუკგვერდზე დაწერა: „ტვ იმედის თანამშრომლებო, წუხელ ლისზე, რესტორან „სხვაში“ ჩემთან ძალიან შეგეშალათ. დღის ბოლომდე გაძლევთ დროს ბოდიშის მოსახდელად“;
  • ელიზბარაშვილის ცოლის თანახმად, 30 აგვისტოს რესტორანში ყოფნის დროს, როცა თამაზ ელიზბარაშვილი ხელის დასაბანად გავიდა, „8 კაცი დახვდა“ და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ რუსების გინების გამო. ამ კომუნიკაციაში გაირკვა, რომ ისინი სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლები იყვნენ.
  • მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუქარა და იარაღის უკანონო ტარება.
  • საბოლოოდ ელიზბარაშვილს ბრალი მხოლოდ მუქარის მუხლით წაუყენეს, რისთვისაც 1 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

„ვარ აბსოლუტურად უდანაშაულო“

„მე ვარ აბსოლუტურად უდანაშაულო“, - ასე დაიწყო თავისი სიტყვა თამაზ ელიზბარაშვილმა 4 სექტემბერს სასამართლოს სხდომაზე.

ის შეეცადა, დეტალურად აღეწერა 30-31 აგვისტოს რესტორან „სხვაში“ განვითარებული მოვლენები:

„იმ დღეს მე და ჩემი მეუღლე შევედით სავახშმოდ რესტორანში. მეთერთმეტე შვილი მეძუძურია. 12 საათზე უწევდა ჭამა, ამიტომ სწრაფად ვივახშმეთ. 12-ის ნახევარი იყო, ხელს ვიბანდი... მოდის ახალგაზრდა, მიჩვეული ვარ, რომ ჩემთან მოდიან ადამიანები, გამიხარდა... მაგრამ ერთ-ერთმა წამიყენა პრეტენზია, რომ თურმე მე თითქოს მიგინებია სოციალურ ქსელში და მთხოვა ბოდიშის მოხდა. მაჩვენე-მეთქი სად გაგინე და მოგიხდი ბოდიშს“...