დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა დაკავებული – Amnesty International

15 hours ago 3

ადამიანის უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა, ვინც საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლების მშვიდობიანი გამოყენების გამო დააკავეს.

ამის შესახებ საერთაშორისი ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, სადაც საქართველოში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებსა და ამ აქციების ფონზე „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონებს ეხმაურება.

„საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა პირი, რომლებიც დააკავეს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების მშვიდობიანი გამოყენების გამო და ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება პოლიციის მიერ ძალის უკანონო და არაპროპორციული გამოყენების შესახებ“, – აცხადებს Amnesty International

Amnesty International-ის შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონები დრაკონულია. როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებშ Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი აცხადებს, საქართველოში ახლახან მიღებული დრაკონული კანონმდებლობა მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად გამოყენება და ადამიანის უფლებების რეპრესიების შემაშფოთებელ ესკალაციას წარმოადგენს.

„კანონები ფაქტობრივად კრიმინალიზებას ახდენს პროტესტის სიმბოლურ აქტებსაც კი, როგორიცაა სტიკერების გაკვრა საჯარო დაწესებულებებზე. ეს ზომები მიზანმიმართულად გამოიყენება მშვიდობიანი მომიტინგეების დევნისათვის“, – აცხადებს Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში დენის კრივოშეევი

Amnesty International-ის განცხადებით, ახალი კანონმდებლობა, რომელიც საქართველოში 2024 წლის 30 დეკემბერს შევიდა ძალაში, დამატებით თვითნებურ შეზღუდვებს აწესებს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებზე.

„11-12 იანვარს თბილისსა და ბათუმში 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკური ოპოზიციის წევრები, დააკავეს აქციებზე, რომელიც მანამდე დაკავებული პროევროპელი დემონსტრანტების სოლიდარობის ნიშნად გაიმართა.

დაკავებულებს შორის იყვნენ აქტივისტები ციალა ქათამიძე და მათე ცენტრაძე, რომლებიც ბათუმში ახლახან მიღებული კანონით დააკავეს, რომელიც კრძალავს საჯარო შენობებზე საპროტესტო სტიკერების განთავსებას.

მედიაკომპანიების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს ორჯერ დააკავეს. მზია თავდაპირველად დააკავეს ადმინისტრაციული „დანაშაულისთვის“ საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო, ხოლო შემდეგ ხელახლა დააკავეს როგორც სისხლის სამართლით ეჭვმიტანილი.

უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი, რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ დეკემბერში დაკავების დროს აწამეს, ასევე ხელახლა დააკავეს 11 იანვარს და მოგვიანებით საავადმყოფოში მოათავსეს.“, – აცხადებს Amnesty International.

ამასთან, Amnesty International ხაზს უსვამს, რომ 2024 წლის დეკემბერში წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის არაერთი შემთხვევისა და პოლიციის სისასტიკის შესახებ ასობით ცნობის მიუხედავად, არც ერთი სამართალდამცავი ან ნიღბიანი ძალადობრივი ჯგუფის წევრი არ არის გამოვლენილი ან პასუხისგებაში მიცემული.

„სასამართლოები რეგულარულად ანიჭებენ უპირატესობას პოლიციის ჩვენებებს ვიდეო მტკიცებულებებთან და მოწმეთა ჩვენებასთან შედარებით, რაც ძირს უთხრის სამართლიანი სასამართლოს უფლებას და აგრძელებს სახელმწიფოს მიერ სანქცირებული დაუსჯელობას.

Amnesty მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს რეპრესიები, უზრუნველყოს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის და უზრუნველყოს მშვიდობიანი პროტესტის უფლება.

საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იმოქმედოს სოლიდარულად, რათა უზრუნველყოს, რომ მთავრობამ შეასრულებს თავის ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვაზე“, – აცხადებს Amnesty International.

სრულად წაკითხვა