შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული უცნაური პოსტის შესახებ მოკვლევამ შემდეგი დეტალები გამოავლინა:
„აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა - სოფო ბიბილაშვილი, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე“.
- რადიო თავისუფლება ცდილობს სოფო ბიბილაშვილთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
- ამჟამად აშშ-ში იმყოფება ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
„ტელეგრამში დაიგეგმა“
შსს აცხადებს: „როგორც ირკვევა, აღნიშნული პოსტის სოციალურ ქსელში განთავსება ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში, დაიგეგმა, რომლის წევრებიც არიან გურამ დადიანიძის დედის ახლო ნათესავი და სხვა დაინტერესებული პირები“.
„ჯგუფის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ წარსულში გურამ დადიანიძის ტელეფონის ნომერს, რომლითაც დადიანიძის „ფეისბუქ“ პროფილი იყო რეგისტრირებული, არ ჰყავდა ახალი მფლობელი და შესაძლებელი იყო მისი შეძენა“, - ამბობს შსს.
უწყების თანახმად, „აღნიშნული ნომერი შეიძინა „ტელეგრამ“ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ პროფილზე შეღწევა. მოგვიანებით კი გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ პროფილზე სტატუსი გამოაქვეყნა ამავე ჯგუფის საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ერთ-ერთმა წევრმა“.
„ასევე, ჯგუფის წევრებმა წარსულში გურამ დადიანიძის მფლობელობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე გაააქტიურეს სხვადასხვა აპლიკაცია“, - წერს შსს.
„მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი არ გამოიყენონ გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის“, - წერს სამინისტრო.
ეს მიმდინარე ახალი ამბავია - ინფორმაცია განახლდება
radiotavisupleba ახალი ამბები