„დედას შვილთან დაარეკინეთ“ – ელისო კილაძეს 4 თვეა კომუნიკაცია შეზღუდული აქვს

2 hours ago 4

03.07.202603.07.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

„ქრონიკა +“-ის დამფუძნებელს, ელისო კილაძეს 4 თვეა შეზღუდული აქვს სატელეფონო ზარების განხორციელების, მიმოწერისა და შეხვედრის უფლება. ადვოკატის თქმით, დადგენილებებში პროკურატურა უთითებს, რომ არსებობს მოწმეებზე ზეგავლენის საფრთხე.

„პროკურატურამ უკვე სამჯერ გამოიტანა დადგენილება, რომ შეზღუდული ჰქონდეს ელისო კილაძეს არა მარტო მიმოწერა, არამედ პაემანი, სატელეფონო ზარი, კორესპონდენცია. კანონში არის ასეთი რამ, სისხლის სამართლის პროცესში, რომ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია დროებით იქნეს ეს ღონისძიება გამოყენებული მაგრამ, დროებითი ნიშნავს ერთ თვეს, კანონი ასე ამბობს. შემდეგ არ უნდა გაგრძელდეს უსაფუძვლოდ ეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთხოვთ საფუძვლებს, ვუსაჩივრებთ პროკურატურას ამ დადგენილებებს, რეაგირება ამას არ აქვს“, – ამბობს ვალერი გელბახიანი.

მისი თქმით, ერთ-ერთ პასუხში პროკურატურამ განაცხადა, რომ ელისო კილაძე ცნობილი ჟურნალისტია და „მაგას რომ მივცეთ მიმოწერისა და კომუნიკაციის თავისუფლებაო, ეგ დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ უდანაშაულოაო“.

ადვოკატის შეფასებით, ელისო კილაძეს თავის მართლებაც კი აკრძალული აქვს, რადგან არა მხოლოდ კომუნიკაცია აქვს შეზღუდული, მისი სასამართლო სხდომებიც დახურულია. ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ საქმეში მტკიცებულებები არაა და მტკიცებულებების გარეშე უნდათ განაჩენის გამოტანა.

„დედას შვილთან დაარეკინეთ! სულ გაგიჟდით?“ – დაწერა დღეს სოციალურ ქსელში ელისო კილაძის შვილმა. მან პოსტზე სახალხო დამცველის აპარატი მონიშნა.

„მიეცით პატიმარ ელისო კილაძეს, კანონით გათვალისწინებული ზარის განხორციელების უფლება.  მე, საქართველოს მოქალაქეს, მომეცით შესაძლებლობა სატელეფონო ზარით მაინც გავესაუბრო პატიმარ დედას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ!“ – დაწერა მან.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატს, იმ შემთხვევაში თუ უწყებიდან პასუხს მივიღებთ, მასალა განახლდება.

ელისო კილაძის საქმეზე სასამართლო 7 ივლისიდან იწყებს მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპს. „ქრონიკა +“-ის დამფუძნებელი თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზეა დაკავებული. მისი საქმე დანარჩენი 9 პირის საქმეს გამოეყო და ცალკე წარმოებად განიხილება. კილაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე მამუკა მდინარაძის შურისძიებაა.

სრულად წაკითხვა