WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გზა დედობისკენ

ჩვენ წინა რუბრიკაში ვისაუბრეთ, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობა ორივე
პარტნიორის პასუხისმგებლობაა და დედობისდა მამობის გზაზე მნიშვნელოვანია არა
მხოლოდ ქალის, არამედ მამაკაცის ჯანმრთელობის შეფასებაც. შესაბამისად, თუ არ მოხდა
პრევენციული და გეგმიური კვლევების ჩატარება წყვილში, ჩნდება პრობლემა
უნაყოფობის სახელით, სადაც გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს როგორც ქალის, ასევე
მამაკაცის ფაქტორით განპირობებული

განვიხილოთ უნაყოფობის გამომწვევი 5 ძირითადი ფაქტორი

1. ოვულაციის დარღვევა – როდესაც კვერცხუჯრედის მომწიფება და გამოყოფა არ ხდება
რეგულარულად.

ოვულაცია – ფიზიოლოგიურად ჩასახვის ერთ-ერთი აუცილებელი ეტაპია. მისი დარღვევა
შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰორმონულ დისბალანსთან, პოლიკისტუზი საკვერცხის
სინდრომთან, წონის მატებასთან, მეტაბოლურ დარღვევასთან და სხვა ენდოკრინულ
პრობლემასთან.

როდესაც ქალს ორსულობის დაგეგმვა სურს, ხშირად ფიქრობს, რომ თუ მენსტრუალური
ციკლი რეგულარულია და თავს კარგად გრძნობს, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
წესრიგშია, თუმცა რეალობა გაცილებით კომპლექსურია. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ
მენსტრუალური ციკლის რეგულარობის მიხედვით ვერ ვიმსჯელებთ, ოვულაცის
პროცესი მიმდინარეობს თუ არა რეალურად.

ციკლის რეგულარობასა და ოვულაციის პროცესებზე გავლენას ახდენს ასევე, როგორც
ვიცით, ასაკობრივი თავისებურებები, შესაბამისად, საკვერცხის რეზერვის და ფუნქციის
მარკერების განსაზღვრა ასევე მნიშნვნელოვანია ( FSH; Amh;AFC)

2. საშვილოსნოს მილების დაზიანება ან გამავლობის დარღვევა

ფიზიოლოგიური ორსულობისთვის აუცილებელია, რომ კვერცხუჯრედისა და
სპერმატოზოიდის შეხვედრა შესაძლებელი იყოს. ეს პროცესი კი ხდება საშვილოსნოს
მილში.

საშვილოსნოს მილების დაზიანება ან დახშობა შეიძლება გამოწვეული იყოს გადატანილი
ინფექციებით მცირე მენჯის ღრუში, მცირე მენჯის ანთებითი პროცესებით, ქირურგიული
ჩარევით, ენდომეტრიოზით. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, ოვულაცია ნორმალურად მიმდინარეობდეს, თუმცა განაყოფიერების პროცესი შეფერხდეს.

მნიშნვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მილების შეფასება უნაყოფობის დიაგნოსტიკის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

3.ენდომეტრიოზი და საშვილოსნოს პათოლოგიები

ენდომეტრიოზი მნიშვნელოვანი დიაგნოზია, რომელიც შესაძლოა, გავლენას ახდენდეს
ქალის რეპროდუქციულ პოტენციალზე. ასევე, საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიები, მათ შორის – პოლიპები, სუბმუკოზური მიომური კვანძები და შეხორცებები, ხელს უშლის ემბრიონის იმპლანტაციას და შესაბამისად, ორსულობის დადგომას. თუმცა ყველა მსგავსი დიაგნოზი ავტომატურად არ ნიშნავს უნაყოფობას, თითოეული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად და დაიგეგმოს ინდივიდუალური მკურნალობა.

4.მამაკაცის ფაქტორი – სპერმის ხარისხი

უნაყოფობის შეფასებისას ხშირად ყურადღება ძირითადად ქალზეა მიმართული, თუმცა
თანამედროვე სტატისტიკით ქალის და მამაკაცის უნაყოფობა გათანაბრდა, ამიტომ
მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობის გამოკვლევა არანაკლებ მნიშვნელოვანია.
სპერმოგრამა – ძირითადი საორიენტაციო კვლევა, ფასდება სპერმის
რაოდენობა, კონცენტრაცია, მოძრაობის უნარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მორფოლოგია.
საჭიროების შემთხვევაში კეთდება დამატებითი ფუნქციური მაჩვენებლები. სპერმის ხარისხზე შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ჰორმონულმა დარღვევებმა, გენეტიკურმა ფაქტორებმა, ინფექციებმა, ვარიკოცელემ, ცხოვრების წესმა და სხვა მდგომარეობებმა.

პრობლემა ძირითადად 2 ჯგუფად შეიძლება დავყოთ – 1. სეკრეტორული და
2. ექსკრეტორული. ამიტომ საჭიროა ინდივიდუალური შეფასება და მართვა.

5.რა ხდება მაშინ, როდესაც მიზეზი ვერ დგინდება?

არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც ორივე პარტნიორის გამოკვლევები
დამაკმაყოფილებელია, თუმცა ორსულობა მაინც არ დგება. ასეთ მდგომარეობას
აუხსნელი ანუ დაუდგენელი ეთიოლოგიის უნაყოფობა ეწოდება და შეადგენს 10-20%-ს.
ამ შემთხვევაში ძირითადად მოიაზრება კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდის
მორფოლოგიური პრობლემები, იმპლანტაციის დეფექტები და ასევე ემბრიონის და
ენდომეტრიუმის არაკორდინირებულობა.

ჩვენი მთავარი გზავნილი წყვილებს

რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმჯობესია, დავიწყოთ პრევენციული
კვლევებით. საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ცოდნა, საჭირო გამოკვლევების დროული
ჩატარება შესაძლოა, დაგვეხმაროს მნიშვნელოვანი პრობლემის ადრეულ გამოვლენაში.

თუ ორსულობა არ დგება 12 თვის განმავლობაში, რეგულარული დაუცველი სქესობრივი
ცხოვრების მიუხედავად, რეკომენდებულია უნაყოფობის შეფასება. 35 წლის ასაკიდან ეს
პერიოდი 6 თვემდე მცირდება, ხოლო 40 წლის შემდეგ შეფასება უმჯობესია, ბევრად
ადრე დავიწყოთ.

ჩემი მთავარი სურვილი და მიზანია, თითოეულ ქალს ჰქონდეს
შესაძლებლობა, დროულად მიიღოს სწორი ინფორმაცია, გააკეთოს გააზრებული არჩევანი
და იგრძნოს, რომ ამ გზაზე მარტო არ არის.

რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, ნინია იმერლიშვილი