WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ამბობს, რომ დადებითად ეკიდება ყველა „მეგობრულ რუსულ-ქართულ ინიციატივას“ და თბილისში რუსეთის ინტერესთა სექციის ნაცვლად, საელჩოს ქონის სურვილს გამოთქვამს.

ზახაროვას პრესკონფერენციაზე ჰკითხეს ბიზნესმენ მამუკა ფიფიას ფონდ „რუსებისა და ქართველების ერთობის“ ინიციატივებზე, რაზეც თქვა, რომ მიესალმება „ყველა სასარგებლო წამოწყებას“, რომელიც საგანმანათლებლო და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად და რომელსაც საზოგადოებრივი, სამეცნიერო და კულტურული წრეების წარმომადგენლები ახორციელებენ.

„მიგვაჩნია, რომ ახალი ფონდის საქმიანობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ხალხებს შორის კავშირების შემდგომ გაფართოებაში. მზად ვართ, შევისწავლოთ ფონდის მიერ განსახორციელებელი კონკრეტული პროექტები, რათა განვსაზღვროთ მათთვის აუცილებელი მხარდაჭერის აღმოჩენის შესაძლებლობა. ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის. ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენ ან საქართველოში ჩვენს ინტერესთა სექციას — რა თქმა უნდა, ვისურვებდი, მეთქვა საელჩო“, — განაცხადა ზახაროვამ.

მამუკა ფიფია არის ბიზნესმენი, რომელსაც რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ის ღიად პრორუსული პოლიტიკური პარტიის — „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ — ერთ-ერთი ლიდერია. იგი საჯარო სივრცეში ძირითადად ცნობილია კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი განცხადებებით. მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინაში. ფიფიას სახელი ასევე ფიგურირებდა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეში, სადაც ფიფია დაცვის მხარის მოწმედ მოიაზრებოდა და ღიად დასტურდებოდა ფარცხალაძესთან მისი კავშირები. ცოტა ხნის წინ ფიფიამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც რუსეთის სამხედრო ფორმით ვარჯიშობს რუსულ ტანკზე და განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება, რუსეთის მიერ წარმოებულ ომში წავა.