სოხუმიდან გავლილი გზა პარიზამდე, დევნილობის ტკივილი და ემიგრანტობის – ეს ყველაფერი დემნას შემოქმედებაში დევს.
ადამიანი, რომელმაც ქუჩის სტილი მაღალი მოდის განუყოფელ ნაწილად და ბალენსიაგა საზოგადოების მუდმივად განხილვის თემად აქცია, ცხოვრების ახალ თავს იწყებს. ქართველი დიზაინერი იტალიური მოდის სახლის, Gucci – ის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა, მაგრამ სანამ ახალ ეპიზოდზე გადავალთ, დავიწყოთ იქიდან, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.
სოხუმიდან ემიგრაციამდე
1981 წელს სოხუმში დაიბადა. მას შემდეგ, რაც 1990 წელს რუსეთმა აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა, დემნასა და მისი ოჯახის წევრებს საცხოვრებლის იძულებით შეცვლა მოუწიათ.
„ომი და მიგრაცია ჩემი მემკვიდრეობის ნაწილია. ეს არასდროს გაქრება და არც უნდა გაქრეს. ის მეხმარება დავინახო, რას განიცდის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა“ – Demna Gvasalia for Vogue (2022).
საზღვარგარეთ წასვლამდე დემნამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა და მცირე ხნით ჟურნალისტად “საქართველოს ტელევიზიაშიც” მუშაობდა. მაგისტრატურა ეკონომიკის მიმართულებით უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა და დიზაინერმა გადაწყვიტა ანტვერპენში, ხელოვნების აკადემიაში ჩაებარებინა. პირველი კურსის ბოლოს 70 სტუდენტიდან 16 რჩეულში დატოვეს, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ, ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი და დემნას პროფესორი იყო, მას თავის ბრენდში, მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერობა შესთავაზა. გვასალია ბელგიაში, ბეირენდოკთან წელიწადნახევარი მუშაობდა. შემდეგ საკუთარი ნამუშევრები საფრანგეთში გააგზავნა და პარიზში მიიწვიეს, სადაც Maison Margiela – ში განაგრძო კარიერა.
„მარჯიელაში მუშაობა აკადემიის გაგრძელება იყო ჩემთვის. იქ მივხვდი, რომ ჩემი მიმართულება ნივთების ახლიდან გადაზრება და იმაზე ფიქრი იყო, როგორ შეიძლება ყოველდღიური საგნებს ახალი სიცოცხლე მივცეთ“ – Interview with Highsnobiety, 2016
2013 წელს ის Louis Vuitton – ში გადავიდა, სადაც ნიკოლა ჟესქიერთან მუშაობდა.
Vetements
2014 წელს ძმასთან, გურამ გვასალიასთან ერთად შექმნა ბრენდი Vetements – ეს იყო ირონიული განაცხადი და სტანდარტების ამოტრიალება. მისმა DHL მაისურმა კრიტიკოსები და ქუჩის სტილის მიმდევრები ერთ სივრცეში მოაქცია.
2019 წელს დემნამ Vetments დატოვა, რათა მთელი ყურადღება ბალენსიაგასთვის დაეთმო და ხოლო ბრენდის კრეატიული დირექტორი გურამ გვასალია გახდა.
ბალენსიაგა
2015 წელს ბალენსიაგას კრეატიულ დირექტორად დაინიშნა, რომელიც ავანგარდულ და პროვოკაციულ ბრენდად გარდაქმნა. გააერთიანა მაღალი მოდა (haute couture) და ქუჩის სტილი (streetwear). 2021 წელს დააბრუნა haute couture კოლექცია დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ.
2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის მთავარ თემად მიგრაცია, იძულებითი გადაადგილების და ომის თემები იყო. შოუზე მოდელები გადიოდნენ ყინულზე, ხელში ეკავათ ჩანთები და მათი ჩაცმულობა სიმბოლურად დემნას პირადი ისტორიის ხელოვნებაში გადმოტანას გულისხმობდა.
დემნამ მოდა წარმოაჩინა, როგორც სოციალური სარკე და მისი მეშვეობით ბალენსიაგა ახალი სახით დაიბადა სამყაროში
„დავიბრუნე თავი, გავთავისუფლდი შიშებისგან. აღარ მაინტერესებს, რას იტყვიან სხვები – მხოლოდ ის მაინტერესებს, ვის ვარ მე“ – The Cut, 2021
პირადი ცხოვრება
პირად ცხოვრებაზე ხშირად არ საუბრობს, თუმცა ცნობილია მისი ურთიერთობა მომღერალ ლოიკ გომეზთან. ისინი 2016 წელს დაინიშნნენ და ერთი წლის შემდეგ დაქორწინდნენ. პირველად „ვეტმანის“ შოუს წინ შეხვდნენ, სადაც დემნამ 2016 წლის ჩვენებისთვის სიმღერის ჩაწერა სთხოვა. ლოიკი BFRND-ის სასცენო სახელით მოღვაწეობს და ძალიან წარმატებული კარიერა აქვს. მომღერალი ხშირად ქმნის მუსიკას დემნას ჩვენებებისთვის.
შეგახსენებთ, რომ დემნა გვასალია 2025 წელს იტალიური მოდის სახლის, Gucci-ის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა.