დემოკრატიულ მთავრობებს მოუწოდებენ, მოითხოვონ საქართველოში სამართლიანი არჩევნები - 43 ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსი

20 hours ago 1

რესპუბლიკელი კონგრესმენი, "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე ჯო უილსონი საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც 43 ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსი აწერს ხელს. 

ისინი მოუწოდებენ ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას მსოფლიოში, თავი შეიკავონ "[ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმთან" მაღალი დონის შეხვედრებისგან მანამ, სანამ იგი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ დათანხმდება.

"ჩვენ, ტრანსატლანტიკური კანონმდებლები და ყოფილი მაღალი რანგის პოლიტიკოსები მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და არ აღიარონ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი.

ჩვენ მოვუწოდებთ, გაატარონ საერთო პოლიტიკა, რათა არ გაიმართოს მაღალი რანგის შეხვედრები თავისუფალ, დემოკრატიულ მთავრობებსა და ამ არალეგიტიმურ რეჟიმს შორის, სანამ ის არ დათანხმდება ისეთ ახალ არჩევნებს, რაც სათანადო დაკვირვების ქვეშ ჩატარდება. დამატებით, ჩვენ მოვუწოდებთ საერთო სანქციების დაწესებისკენ ივანიშვილის რეჟიმის, "ქართული ოცნების" ლიდერებისა და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტს", - წერია საერთო განცხადებაში.

ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, ასევე აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" დააიგნორა ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების "ლეგიტიმური შეშფოთება" არჩევნებთან დაკავშირებით, "დანიშნა ერთპარტიული პარლამენტი და ცალმხრივად აირჩია ახალი პრეზიდენტი".

"მათ სისასტიკით უპასუხეს ასიათასობით მომიტინგის საპროტესტო აქციებს. ქართველი ხალხი ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ჩვენ უნდა დავდგეთ მათ გვერდით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

რესპუბლიკელი კონგრესმენი, „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე ჯო უილსონი ბოლო პერიოდში აქტიურობს „ქართული ოცნების“ ლიდერების, მათ შორის პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხზე.

2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. 30 დეკემბერს მიწერილი წერილით, უილსონმა აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ახლობლების სანქცირებისკენ მოუწოდა.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჯო უილსონი ამბობს რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, დონალდ ტრამპს კი არ მოსწონს გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები:

„სალომე ზურაბიშვილი სწორად იყო საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა, სამწუხაროდ, ჩანაცვლდა პუტინის მარიონეტით, - თქვა უილსონმა, - ჩვენ, ყველანი, კონგრესში ერთად ვიმუშავებთ საქართველოში დემოკრატიის აღდგენაზე".

სრულად წაკითხვა