დემონსტრანტების საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია - გერმანიის ელჩი

1 week ago 9

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც მან 9 აპრილს გააკეთა. 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან მიმართებით მან არ ახსენა რუსეთი და ფეისბუკპოსტში დაწერა, რომ დღესაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველზე.

გერმანიის ელჩმა გვირგვინით შეამკო 9 აპრილის დაღუპულთა მემორიალი, თბილისში რუსთველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ.

"გერმანია პატივს მიაგებს საბჭოთა ჯარების მიერ მოკლულ ქართველებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის დემონსტრაციას მართავდნენ. აღმოსავლეთ გერმანიაში ხალხი საპროტესტო გამოსვლას მართავდა ამავე მიზეზით და 1989 წლის ნოემბერში ბერლინის კედელი დაეცა. თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვა მიმდინარე ამოცანაა. თვეებია, რაც ქართველები რუსთაველზე საპროტესტო აქციას მართავენ. მათი საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია. ასევე არასწორია გერმანიის და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება. ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ და არა მტრული უცხოური ძალა. ყველა გულწრფელმა ქართველმა იცის ეს გასული 30 წლის გამოცდილებიდან“, – დაწერა სოციალურ ქსელში X გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა.

ირაკლი კობახიძემ, თავისი პოსტის კომენტირებისას სამების ტაძართან, სადაც "ქართული ოცნების" მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა, 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე განმარტა, რომ "36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა."

მისივე განმარტებით "ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს "დიპ სტეიტი", ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის გამოყენებით, ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე, 36 წლის წინ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა "კაგებე".

ირაკლი კობახიძე, ისევე როგორც სადავო პარლამენტის და ხელისუფლების სხვა შტოების წარმომადგენლები, დღეს რუსთაველზე 9 აპრილის მემორიალთან არ მისულან.

იქ ღამე გაათიეს პროდასავლური დემონსტრაციების მონაწილეებმა და დემონსტრაციებზე დაკავებულთა - "სინდისის პატიმრებად" მიჩნეულთა ოჯახების წევრებმა და "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს.

ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება "ოცნების" მომხრეებსა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკებებისას - საჯარო მოხელეები დემონსტრანტებს მართულებად და არეულობის მოსურნეებად მიიჩნევენ, აქციის მონაწილეები კი საჯარო მოხელეების ქმედებებს და მათთვის ნათქვამ ფრაზებს შეურაცხმყოფელ პროვოკაციად აღიქვამენ.

36 წლის წინანდელი სისხლიანი ღამე და ქართველების ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის გაიხსენეს ევროპული ქვეყნების საელჩოებმა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.

დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა და პოლონეთის საელჩომ. მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად იმყოფებოდნენ შვედეთისა და ლატვიის ელჩებიც. რუსთაველზე მივიდნენ სომხეთის საელჩოს წარმომადგენლებიც.

ადგილზე მყოფები დიპლომატებს მადლობას უხდიდნენ.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად - ქალები. ასობით დაშავდა.

9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე, საქართველომ აღიდგინა საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

სრულად წაკითხვა