აქცია 12:00 საათისთვის დაიწყო, დაახლოებით 13:40 საათისათვის კი დემონსტრანტები გზის საავტომობილო ნაწილზე გადავიდნენ და გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ წინა, აღდგომის ღამეს, 20 აპრილს ამავე ადგილას დემონსტრანტების დაკავებას.
„ძირს რუსული რეჟიმი“, „ბრძოლა, ბრძოლა ბოლომდე“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ძირს რუსული რეჟიმი“, - სკანდირებენ ისინი.
ადგილზე, შორიახლოს მობილიზებულია პოლიცია.
უყურეთ რადიო თავისუფლების პირდაპირ ჩართვას საპროტესტო აქციიდან:
აღდგომის დღეს, გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, პოლიციამ მიხეილ სამხარაძე და გიორგი ორთოიძე ადმინისტრაციული წესით დააკავა.ორივე მათგანი ამ დრომდე იზოლატორში რჩება.
დღევანდელ აქცია სწორედ მათდამი სოლიდარობის ნიშნად ტარდება.
ჯერ არ გარკვეულა, როდის დაინიშნება სასამართლო.
მიხეილ სამხარაძის ადვოკატი, მარიამ მაღრაძე ამბობს, რომ სამხარაძეს მოსთხოვეს, გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადაწეულიყო, დაკავებისას კი უკვე ტროტუარზე იდგა.
ადვოკატი უკანონოს უწოდებს მიხეილ სამხარაძის დაკავებას.
ასევე, ამბობს, რომ დაკავებისას სამხარაძე წააქციეს და მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.