ტელეგრამ-არხ „კრიმსკი ვეტერის“ ცნობით, დარტყმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა სულ მცირე სამ რეზერვუარს.
ფეოდოსიის ნავთობტერმინალზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა და ხანძარი 13 ოქტომბერს, ღამის პირველი საათისთვის დაადასტურა ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა. მის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, დაშავებულები არ არიან და ადგილზე „ყველა პროფილური სამსახური მუშაობს“.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ფეოდოსიის ნავთობტერმინალზე შეტევა მიიტანეს 6 ოქტომბერსაც.
ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ“ წერს, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, როცა ფეოდოსიის ნავთობტერმინალს პუტინის დაბადების დღის წინ, 6 ოქტომბერს დაარტყეს და ყირიმის რუსული ხელისუფლების წარმომადგენლებს მომხდარზე არაფერი უთქვამთ მთელი ოთხი დღის განმავლობაში, ახლა აქსიონოვმა ინფორმაცია სწრაფად გაავრცელა. ტელეგრამ-არხის თანახმად, წინა შეტევის შედეგად გაჩენილ ხანძარს სწორედ ოთხი დღის განმავლობაში აქრობდნენ.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის საცავები.