დრონებით შეტევა იყო მოსკოვის და პეტერბურგის მახლობლად, Wildberries-ის საწყობებზე

2 hours ago 3

4 აგვისტოს გამთენიისას აფეთქებები იყო მოსკოვის და პეტერბურგის მახლობლად. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით შეტევისა და მსხვერპლის შესახებ განაცხადა. სხვა წყაროების თანახმად, სამიზნე ისევ ონლაინ-გაყიდვების კომპანია Wildberries-ის საწყობები იყო.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული წინასწარი მონაცემებით, დრონებით შეტევის შედეგად დაიღუპა 5 და დაიჭრა 6 ადამიანი. გუბერნატორის ინფორმაციით, რამდენიმე ხანძარი გაჩნდა ქალაქ ჩეხოვის სამრეწველო ზონაში, ყველაზე ძლიერი - საწყობში და ამავე რაიონში დაზიანებულია ელექტროქვესადგური და ადმინისტრაციული შენობაც.

კონკრეტულად რომელ საწყობზე იყო დარტყმა, ვორობიოვს არ დაუკონკრეტებია. დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, ASTRA-ს ცნობით, მოსკოვის ოლქის ქალაქ ჩეხეოვში დრონებით შეტევა იყო ონლაინ-გაყიდვების კომპანია Wildberries-ის საწყობებზე.

დრონებით შეტევის შედეგად „სასაწყობე ზონის დაზიანების“ შესახებ განაცხადა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ. მის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, ეს ზონა დაბა კრასნი ბორში მდებარეობს. დაშავდა ერთი ადამიანი.

გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაწერა, რომ კრასნი ბორში ხანძარია იმ ტერიტორიაზე, სადაც საწყობები აქვთ Wildberries-ს და ონლაინ-ვაჭრობის კიდევ ერთ ქსელს, „ლენტას“.

4 აგვისტოს დილით Wildberries-მა დაადასტურა, რომ კრასნი ბორში დრონებით შეტევის შედეგაც ხანძარი მის საწყობებში გაჩნდა.

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში კომპანია Wildberries-ის საწყობებს 18 ივლისიდან უტევენ. კომპანიის ლოგისტიკის ცენტრებზე ივლისში დრონებით დარტყმა იყო მოსკოვის და ლენინგრადის ოლქებშიც

პირველ დღეებში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაარტყეს ლოგისტიკის ცენტრებს, რომლებიც ჩართული არიან რუსეთის არმიის უზრუნველყოფაში დრონების მაკომპლექტებლებით, ნავიგაციის დანადგარებით და მოწყობილობებით.

რუსული Forbes-ის დათვლით, ივლისში Wildberries-მა თავისი საწყობების მინიმუმ 17% დაკარგა, ზარალი კი დაახლოებით 280 მილიარდი რუბლია.

Wildberries-ის საწყობებზე დარტყმების გამო რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში სისხლის სამართლის საქმეები „ტერორისტული აქტის“ მუხლითაა აღძრული.

  • რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას სამრეწველო ობიექტებზე რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში.
  • უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც უნდა იგრძნონ და მას ომის დასრულება უნდა აიძულონ.

Wildberries - 2004 წელს დაარსებული რუსეთის უდიდესი ონლაინ-მარკეტპლეისია. პლატფორმას ყოველთვიურად 79 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, მისი გამყიდველების წლიური ბრუნვა 2,9 ტრილიონ რუბლს აჭარბებდა, ხოლო კომპანიის ქსელი 90 ათასზე მეტ გაცემის პუნქტს და დღეში 20 მილიონზე მეტ შეკვეთას მოიცავდა. ამ მასშტაბის გამო Wildberries რუსეთის შიდა ვაჭრობისა და ლოგისტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურად მიიჩნევა.

Wildberries-ის საწყობებზე შეტევის დაწყების შემდეგ უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით გამოცემა Financial Times-ს განუცხადა, რომ ეს არის პასუხი უკრაინის ექსპრეს-გადაზიდვების კომპანია Нова пошта-ს ტერმინალებზე რუსეთის ინტენსიურ დარტყმებზე.

აგვისტოს დასაწყისში უკრაინის კიევის ოლქში რუსული დრონებით შეტევა იყო ინტერნეტმაღაზია Rozetka-ს საწყობზეც.

სრულად წაკითხვა