მოსკოვის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების (დრონები) შეტევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევები ხიმკისა და მიტიშჩის რაიონებში დაფიქსირდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. ეს იყო ყველაზე მასშტაბური შეტევა მოსკოვზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ხიმკის სტარბეევოს მიკრორაიონში დრონის კერძო სახლზე მოხვედრის შედეგად ქალი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი ადამიანი ნანგრევებში აღმოჩნდა. მიტიშჩის სოფელ პოგორელკიში ორი მამაკაცი დაიღუპა – დრონი მშენებარე სახლს დაეცა.
ria.ru-ს ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ დრონებით იერიში მიიტანა, ასევე, დედოვსკზე, სადაც სამი მამაკაცი და ერთი ქალი დაშავდა, დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა და ექვსი კერძო სახლი აგროგოროდოკის დასახლებაში. კრასნოგორსკის პუტილკოვოში დაზიანდა რამდენიმე ბინა, ხოლო სუბოტინოში კერძო სახლს გაუჩნდა ხანძარი. გუბერნატორის თქმით, მშვიდობიან მოსახლეობაში დამატებითი მსხვერპლი არ არის. დაზიანდა ასევე ინფრასტრუქტურული ობიექტები რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ადგილზე მუშაობენ მაშველები და საგანგებო სამსახურები.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, დრონებით შეტევის მცდელობა იყო მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც, თუმცა ტექნოლოგიური პროცესი არ დარღვეულა. წინასწარი მონაცემებით, 12 ადამიანი დაშავდა, უმეტესად ქარხნის შესასვლელთან – დაზარალდნენ სამშენებლო ცვლის მუშები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 17 მაისას, დილით გაკეთებული განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ერთ დღეში 556 უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს, მათგან დაახლოებით 130 – მოსკოვის რეგიონში. უწყების ცნობით, დრონები განადგურდა რამდენიმე ოლქისა და რეგიონის თავზე, მათ შორის, ბელგოროდის, კურსკის, ბრიანსკის, ტულის, სმოლენსკის და სხვა ტერიტორიებზე, ასევე, შავი და აზოვის ზღვების აკვატორიაში. „როიტერის“ ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა ბელგოროდში.
17 მაისს, დილით სობიანინმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 131 დრონი, რომელიც მოსკოვისკენ იყო მიმართული; მისი თქმით, კიდევ 10 უპილოტო აპარატი გაანადგურეს უშუალოდ დედაქალაქთან მისადგომებთან. ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილებზე მხოლოდ მცირე დაზიანებები დაფიქსირდა, მერის წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.
დღეს დილით მოსკოვის შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა. აეროპორტის დირექციის განცხადებით, ნამსხვრევები უსაფრთხო მანძილზე აღმოჩნდა მგზავრებისა და საჰაერო ხომალდების მომსახურების ზონებიდან. შემთხვევას მსხვერპლი ან მნიშვნელოვანი ნგრევა არ მოჰყოლია, აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
„დრონებით ომი“ – ახალი რეალობა
მოსკოვის რეგიონზე განხორციელებული მასშტაბური იერიში კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „დრონებით ომი“ თანამედროვე კონფლიქტების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იქცა. შედარებით იაფი, მასობრივი და რთულად აღმოსაჩენი უპილოტო სისტემები შესაძლებელს ხდის როგორც სამხედრო, ისე ინფრასტრუქტურული ობიექტების პარალიზებას, ხშირად კი საცხოვრებელი ზონების დაზიანებასაც.
ეს ტენდენცია აჩვენებს, რომ შეიარაღებული კონფლიქტები სულ უფრო მეტად გადადის ასიმეტრიულ ფორმატში, სადაც ტექნოლოგიური მოქნილობა და საჰაერო თავდაცვის ეფექტიანობა გადამწყვეტ როლს თამაშობს.
ნანა ძნელაძე

22 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·