26.06.2026
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო კომუნიკაცია ე.წ. FARA-სა და გრანტების შესახებ კანონზე. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ეს ნიშნავს, რომ სასამართლო საჩივრების დასაშვებობასა და არსებით მხარეს სიღრმისეულად განიხილავს.
ახლა ჯერი მოპასუხე მხარეზე, ანუ იუსტიციის სამინისტროზეა. მას 2026 წლის 15 ოქტომბრამდე მიეცა ვადა, უპასუხოს როგორც საჩივრებს, ისე სასამართლოს კითხვებს.
საჩივარი ეხება დაახლოებით სამი თვის წინ, 2026 წლის აპრილში, დაჩქარებული წესით დამტკიცებულ რეპრესიულ კანონებს – ე.წ. FARA-სა და გრანტების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, “რომლებმაც უკვე სერიოზული ზიანი მიაყენა სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიული სამყაროსგან საქართველოს ჩამოშორების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იქცა”.
საჩივრის ავტორები არიან:
- “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”
- “ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრი”
- “ანონის უზენაესობის ცენტრი”
- “პუბლიკას”;
- “საქართველოს ევროპული ორბიტა”
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის”
- ასევე, ეკა გიგაური, ნინო ევგენიძე და ნინო ლომჯარიას ერთობლივი.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, იგივე ეტაპზეა კიდევ 17 ორგანიზაციისა და ფიზიკური პირის ანალოგიური საჩივრები.
“სასამართლოს კითხვები შეეხება იმას, რამდენად შეესაბამება ეს კანონები და მათ საფუძველზე მიღებული რეპრესიული ზომები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ უფლებებს, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას, ასევე პოლიტიკური მოტივით უფლებების შეზღუდვის აკრძალვას.
ეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი შუალედური გამარჯვებაა. წინ კიდევ ინტენსიური სამართლებრივი ბრძოლაა, თუმცა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისკენ, რომ საერთაშორისო სასამართლომ შეაფასოს ივანიშვილის რეჟიმის ანტიდემოკრატიული პრაქტიკა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ამავე თემაზე:

1 month ago
39







English (US) ·
Georgian (GE) ·