ევროკავშირი 220 მილიონი ევროს პროექტების განხორციელებას იწყებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის ხელშესაწყობად.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი 1 ივლისს ბაქოში შეხვდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.
ევროკომისიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მშვიდობის განმტკიცების გზები კავშირების გაფართოებისა და სასაზღვრო რაიონებში მცხოვრებთა მხარდაჭერის გზით და ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო და ენერგეტიკული პარტნიორობის საკითხები.
ევროკავშირი 200 მილიონ ევროს დახარჯავს სასაზღვრო რაიონების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება დაახლოებით ორი მილიარდი ევროს კერძო და სახელმწიფო ინვესტიციების მოზიდვა. კიდევ 20 მილიონი ევრო განკუთვნილია აზერბაიჯანის და სომხეთის სასაზღვრო რაიონების თემების მხარდასაჭერად ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, ტერირიტორიების განაღმვა, კვალიფიკაციის ამაღლება და ადგილობრივი ბიზნესის განვითარება.
რაც შეეხება ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ორმხრივ თანამშრომლობას, ევროკავშირი ერთ-ერთ მნიშვნელოვად პროექტად მიიჩნევს ნახიჩევანის რკინიგზას. 2026 წელს აზერბაიჯანმა, ევროკავშირმა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკმა დაიწყეს პროექტის რეალიზაციისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 1 ივლისს გამოაცხადეს, რომ 2026 წლის ბოლომდე ბაქოში ჩატარდება მინისტრთა კონფერენცია, რომელზეც კავშირგაბმულობის სფეროში ინვესტირების საკითხებს განიხილავენ. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის, სამხრეთ კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტიების და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები.
აზერბაიჯანის შემდეგ, 2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისარი მარტა კოსი იწყებენ ვიზიტს სომხეთში.

3 weeks ago
39







English (US) ·
Georgian (GE) ·