WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

28 სექტემბერს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა “ევროპის საერთო ინტერესის თავდაცვითი პროექტები“ (EDPC) ევროპის თავდაცვითი მზადყოფნისა და სამრეწველო შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროექტების ფარგლებში ევროპის ქვეყნები ერთად განავითარებენ კრიტიკულ შესაძლებლობებს: დრონებისა და დრონების საწინააღმდეგო სისტემებს, საზღვაოსნო და წყალქვეშა თავდაცვას, კოსმოსურ, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვას და ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის დაცვას.

საერთო ინტერესის მქონე პროექტები “ევროპის თავდაცვითი მრეწველობის პროგრამამ” (EDIP) წარმოადგინა 2025 წელს. ახლა შეირჩა პირველი 5 პროექტი, რომელიც მიიღებს ევროკავშირის დაფინანსებას EDIP-ის ხაზით. შემდგომში კი შესაძლებელი იქნება მსგავსი პროექტების „ევროპის კონკურენტულობის ფონდიდან“ დაფინანსება.

ევროკავშირი აცხადებს, რომ დამტკიცებული პროექტები გულისხმობს პრაქტიკულ თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. გარდა ამისა აღნიშნავს:

“ჩვენს პარტნიორებთან - ნორვეგიასა და უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობით ვდგამთ გადამწყვეტ ნაბიჯებს კოსმოსის, ჩვენი საჰაერო სივრცეების, ზღვების, წყალქვეშა კაბელებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად”.

გამოვლენილი ხუთი პროექტის ჩამონათვალი და მოკლე აღწერა:

  1. დრონებისა და დრონების საწინააღმდეგო ევროპული გადაწყვეტა (DECODER): ეს პროექტი დაეხმარება ევროპის ქვეყნებს შექმნას, გააუმჯობესოს და განათავსოს დრონები და მტრის დრონების შესაკავებელი ტექნოლოგია, მონაცილე ქვეყნებში კრიტიკულ შესაძლებლობებში არსებული სიცარიელეების შესავსებად;
  2. ზღვისა და ზღვის ფსკერის ინტეგრირებული დაცვა (IMSD): პროექტი შექმნის ურთიერთთავსებად თავდაცვით სისტემას, რომელიც მონაწილე ქვეყნებს მისცემს შესაძლებლობას გამოავლინოს, შეაკავოს და უპასუხოს ზღვასა და ზღვის ფსკერზე არსებულ საფრთხეებს;
  3. კოსმოსი (SPACE): პროექტი გააძლიერებს ეროპის კოსმოსურ შესაძლებლობებს რამდენიმე კრიტიკულ სფეროში. ესენია: წინასწარი გაფრთხილების სატელიტები რაკეტის გაშვების ამოსაცნობად, სატელიტური კომუნიკაციისთვის, დაზვერვისთვის, თვალთვალისთვის, აგრეთვე სისტემების ზუსტი პოზიციონირებისა და დროის განსასაზღვრად. პროექტი აგრეთვე გააუმჯობესებს შესაძლებლობებს სანავიგაციო ომისთვის და საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი სატელიტის სწრაფად გაშვებისთვის;
  4. ევროკავშირის ფედერალიზებული ინტეგრირებული საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვა, მათ შორის ადრეული გაფრთხილება (EU-FIAMD): პროექტი წევრ ქვეყნებს უზრუნველჰყოფს კოლექტიური და ეფექტურად ინტეგრირებული საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვით - მათ შორის მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ადრეული გაფრთხილებითა და კოორდინირებული სამეთაურო სისტემით;
  5. აღმოსავლეთ ფლანგის გუშაგი (EFW): პროექტი გააძლიერებს უსაფრთხოებას მონაწილე ქვეყნების აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ და დაფარავს ხმელეთს, ცას, ზღვას, კიბერსივრცეს და სხვა განზომილებებს, მათი მთელი ტერიტორიის დაცვისა და თავდაცვითი მზადყოფნის გაძლიერების მიზნით.

2026 წლის 16 თებერვალს ევროკომისია გამოვიდა ევროპის თავდაცვის სფეროში სავარაუდო პროექტებზე ინტერესთა გამოხატვისკენ მოწოდებით. წარმოდგენილი იყო 9 საპროექტო წინადადება.

2026 წლის 3 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლისა და “ევროპის თავდაცვის სააგენტოს” თვალსაზრისის გათვალისწინებით, კომისიამ რეკომენდაცია გაუწია 5 პროექტს.