ევროკავშირი არ აპირებს რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებას, პირიქით, ახალ სანქციებს ამზადებს და უკრაინის დახმარებას გააგრძელებს. ეს ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებმა 16 ოქტომბერს ბრიუსელში განაცხადეს უკრაინის პრეზიდენტის თანდასწრებით.
ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე, რომელიც ბრიუსელში 15 ოქტომბერს გაიხსნა, უკრაინის საკითხს პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით დღეს, 16 ოქტომბერს განიხილავენ.
უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში ჩავიდა იმ დროს, როცა მკვეთრად დაიძაბა მისი და აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ურთიერთობა.
ევროკავშირის ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის დაწყებამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ენერგეტიკულ ზავს მხარი დაუჭირეს, მაგრამ რუსეთს ეს ზავი ერთი წუთითაც არ დაუცვია და პირიქით, ესკალაციის გზას დაადგა. ევროკომისიის პრეზიდენტის თანახმად, რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა, რომ მათი გზავნილი ძალიან მარტივია - უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია, როგორც ადრე.
კოშტას განცხადებით, ახლა უკრაინის დახმარების გაზრდის და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების დროა და არა უკრაინის დახმარების შეწყვეტისა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შესუსტების. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანახმად, ეს მნიშვნელოვანია რათა რუსეთი აიძულონ დასთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკებებს.
9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააუქმა რუსული დიზელის საწვავის იმპორტისთვის დაწესებული აკრძალვა, რასაც ზელენსკიმ ომში ინვესტირება და სისუსტე უწოდა.
„დიზელის შეთანხმებაზე" ზელენსკის რეაქციის შემდეგ, ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინას სჭირდება ახალი ლიდერი, რომელიც რუსეთთან შეთანხმების მიღწევას შეძლებს.
11 ოქტომბერს ტრამპმა რუსეთ-უკრაინას შორის გამოაცხადა ენერგოზავი, რომლის მიუხედავად რუსეთმა განაგრძო უკრაინის ენერგოობიექტებზე დარტყმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Financial Times-ის მიერ 15 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ განაახლებენ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს.
radiotavisupleba ახალი ამბები