სამშაბათს ევროკავშირის ზოგად საკითხთა საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგის ერთ-ერთი თემაა რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) შესაძლო მხარდაჭერა მაშინ, როცა მაუწყებელს დაფინანსების დაკარგვის საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ ჩეხეთის მთავრობის ევროპულ საქმეთა მინისტრმა მარტინ დვორჟაკმა განაცხადა.
რადიო თავისუფლების შტაბ-ბინა პრაღაში მდებარეობს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ მედიაორგანიზაციის შესაძლო მხარდაჭერის საკითხი გუშინ წამოჭრა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ჩეხეთი ინიციატორია განცხადების პროექტისა, რომელშიც ლაპარაკია ევროკავშირის მხრიდან რთე/რთ-ის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
დვორჟაკის თანახმად, ინიციატივას ევროკავშირის კიდევ შვიდმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. კერძოდ, ეს ქვეყნებია ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ბელგია, ასევე გერმანია და ავსტრია.
ევროკავშირის არაერთმა პოლიტიკოსმა მოუწოდა ევროკავშირს, იკისროს მედიაორგანიზაციის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. ისინი მიუთითებენ რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების მუშაობის მნიშვნელობაზე, რაც მიმართულია იმ ქვეყნების აუდიტორიაზე, სადაც თავისუფალი პრესა საფრთხის ქვეშაა ან ხელისუფლების მხრიდან იდევნება.
კერძოდ, გერმანელმა ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ, რომელიც „მწვანეთა“ ფრაქციაში შედის, ევროკავშირის ხელმძღვანელობას გაუგზავნა წერილი (რადიო თავისუფლებას ასლი მოეპოვება), რომელშიც მან მოუწოდა ევროკავშირს, „ევროპეიზაცია“ უყოს რთე/რთ-ს და, ნაწილობრივ, „ამერიკის ხმას“, როგორც „რბილი ძალის“ ინსტრუმენტებს და იკისროს გლობალური ლიდერობა დემოკრატიისა და ინფორმაციის თავისუფლების დაცვაში. ლაგოდინსკის წინადადებით, მედიაორგანიზაციებს ევროკავშირის ეგიდით შეეძლოთ გაეგრძელებინათ თავიანთი მიმდინარე საქმიანობა.
ორშაბათს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა თქვა, რომ ევროკავშირი განიხილავს რადიო თავისუფლების უწყვეტი მუშაობის დაფინანსებას საკუთარი წყაროებიდან, მაგრამ ევროპა ჯერჯერობით ვერ დადებს პირობას, რომ ეს საკითხი „ავტომატურად“ გადაწყდება.
რადიო თავისუფლებას სოლიდარობას უცხადებენ სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალისტური ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. გერმანული მედიაკომპანია Deutsche Welle-ს (DW) აღმასრულებელმა დირექტორმა პეტერ ლიმბურგმა სინანული გამოთქვა აშშ-ის საგარეო მაუწყებლობის სისტემის რადიკალური რეორგანიზაციის თაობაზე თეთრი სახლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. მისი აზრით, ამან „შეასუსტა თავისუფლება და გააძლიერა ავტოკრატია“. DW და სხვა საერთაშორისო საზოგადოებრივი მედიაკომპანიები მარტო ვერ ამოავსებენ შექმნილ სიცარიელეს, თქვა მან. „ამიტომ ვფიქრობ, რომ ევროპას სასწრაფოდ, ნამდვილად სასწრაფოდ სჭირდება რაღაცის გაკეთება. ეს არის არა ტრივიალური, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი“, - ხაზგასმით აღნიშნა ლიმბურგმა.
რთე/რთ-სა და „ამერიკის ხმას“ მხარდაჭერა გამოუხატეს ასევე ეროვნულმა პრესკლუბმა, „რეპორტიორებმა უსაზღვრებოდ“, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IPI).
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის დამოუკიდებელი მედიაკორპორაცია, რომელიც დაარსდა 1953 წელს და აშშ-ის კონგრესის მიერ ფინანსდება შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) მეშვეობით.
რადიო თავისუფლების ქართულმა სამსახურმა მაუწყებლობა 1953 წლის 18 მარტს დაიწყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებულებას, რომლის მიზანია, შეამციროს შვიდი სააგენტო - მათ შორის აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), რომელიც ზედამხედველობს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.
ბრძანებულებით, რომლის სამიზნეა ასევე სააგენტოები, რომლებიც მუშაობენ უსახლკარობასთან, შრომით დავებსა და სათემო განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ყოველ ორგანიზაციას მიეცა შვიდი დღე, სრული შესაბამისობის შესახებ ანგარიშების წარმოსადგენად.
აღმასრულებელი ბრძანებულების პუბლიკაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ USAGM-მა გამოაგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ რთე/რთ-ს, რომლის შტაბ-ბინა პრაღაში მდებარეობს, კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტი უწყდება.
რთე/რთ-ის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ კაპუსმა განაცხადა, რომ გრანტის შეწყვეტა „დიდი საჩუქარი იქნება ამერიკის მტრებისთვის“. მის ამ მოსაზრებას მთელს მსოფლიოში ფართოდ დაუჭირეს მხარი მედიის უფლებების მეთვალყურეებმა, დემოკრატიის დამცველებმა და პოლიტიკოსებმა.