მონტენეგრო, შესაძლოა, უკვე 2027 წლის ივნისში გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო - ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი, ევროკომისიის განცხადებაზე დაყრდნობით.
ევროკომისია მიუთითებს, რომ მონტენეგრო ბოლო პერიოდში აქტიურად მოძრაობს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გზაზე და უკვე შეასრულა ბლოკის 21 მოთხოვნა, რომლებიც გასაწევრიანებლად აუცილებელია. ქვეყნის ევროპულ ალიანსში გაწევრიანების მოლაპარაკება შესაძლოა 2026 წლის ბოლოს დასრულდეს.
ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურზულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ბლოკმა შეიმუშავა "საგზაო რუკები" იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც გაწევრიანების გზაზე განსაკუთრებული წარმატებით მიიწევენ წინ - მათ შორისაა მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა.
2026 წლის აპრილში ევროკავშირის სახელმწიფოთა ელჩებმა ბრიუსელში დაამტკიცეს გადაწყვეტილება მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულების დამუშავების დაწყებაზე. ამ სტადიისთვის ჯერჯერობით სხვა არც ერთ კანდიდატ სახელმწიფოს არ მიუღწევია.
ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მონტენეგრომ მიიღო 2010 წელს. მას უკვე დიდი ხანია მიიჩნევენ სახელმწიფოდ, რომელიც ევროკავშირში პირველი გაწევრიანდება მას მერე, რაც ბლოკს 2013 წელს ხორვატია შეუერთდა.
radiotavisupleba ახალი ამბები