ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ კარგი იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებები ევროკავშირთან დიალოგის სურვილის შესახებ, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ დიალოგს შინაარსი გამოაცალა.
4 ნოემბერს, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ მან თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა:
„გუშინ „ევრონიუსის“ ეთერში ირაკლი კობახიძის მოსმენისას დადებითად მომეჩვენა ის ფაქტი, რომ იგი მუდმივად ახსენებდა: „დიალოგი, დიალოგი, დიალოგი“. ევროკავშირის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს დიალოგს.
პრობლემა ისაა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში მმართველმა პარტიამ ეს დიალოგი ყოველგვარი შინაარსისგან დააცარიელა“.
„რაზე ელით, რომ ვისაუბრებთ“?
„როცა გაქვთ დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა, ოპოზიციის აკრძალვის მუქარა, ყოველდღიური ცილისმწამებლური კამპანიები და ევროკავშირზე თავდასხმები – რაზე ელით, რომ ვისაუბრებთ?
მოლოდინი გაქვთ, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების სერიოზული წარმომადგენლები „დიპ სტეიტის“ დეფინიციებზე იმსჯელებენ თქვენთან? ელით, რომ ჩვენ ჩავერთვებით დიალოგში „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ? ან რომ განვიხილავთ განსხვავებებს ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის?
იმისათვის, რომ დიალოგი შედგეს, ეს ცილისმწამებლური კამპანია უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ტვ პირველის შეკითხვაზე პასუხად.
პარტიების აკრძალვა – „უპრეცედენტო“
„ყველა იმ ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, რომლებმაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერი გადალახეს – მათ შორის იმ პარტიისა, რომელიც ამჟამად პარლამენტშია წარმოდგენილი – ევროპული საბჭოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იქნებოდა“, – განაცხადა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
მან ასევე გაიხსენა ევროკომისარ მარტა კოსის სიტყვები ამ საკითხზე: „საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმის მეშვეობით მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებს უქმნის საფრთხეს“.
- „ქართული ოცნების“ ლიდერებმა 2022 წლის შემდეგ განავითარეს შეთქმულების თეორია „გლობალური ომის პარტიაზე“;
- დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მოახლოებასთან ერთად, „გლობალური ომის პარტია“ ტერმინ „დიპ სტეიტით“ ჩანაცვლდა და მასთან ერთად გამოიყენება.
- თეორიის თანახმად, „გლობალური ომის პარტია“, - რომლის მიზანია მსოფლიო მოსახლეობის 10-ჯერ შემცირება, - აკონტროლებს აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და მრავალი წელია ებრძვის ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც „აგენტოკრატია დაასრულა“.
- ამავე შეთქმულების თეორიის მტკიცებით, გლოპ-მა მოახდინა 2008 წელს რუსეთის საქართველოში ინტერვენციის პროვოცირება და მათი მარიონეტები არიან მიხეილ სააკაშვილი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სალომე ზურაბიშვილი და სხვა მრავალი ფიგურა თუ ორგანიზაცია, რომლებიც „ქართული ოცნების“ „დემოკრატიულ უკუსვლაზე“ საუბრობენ.
radiotavisupleba ახალი ამბები