ამის შესახებ ორშაბათს, 13 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ფრაქციის კოორდინატორმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ნაჩო სანჩეს ამორმა. მას შემდეგ, რაც კოლეგებთან ერთად საქართველოდან დაბრუნდა.
ამის მისაღწევად, ისინი სთავაზობენ გამოყენებას ევროპარლამენტის მიერ 7 ოქტომბერს მიღებული ახალი მექანიზმისა, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ევროკომისიის გადაწყვეტილებით, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, იტყობინება DW.
სანჩეს ამორი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ოპოზიციის დევნის საპასუხოდ უვიზო მიმოსვლის გაუქმება მხოლოდ ასამდე მაღალი თანამდებობის პირისთვის, "არაფრისმომცემი კოსმეტიკური ღონისძიება“ იქნება.
"არა, არა, მათ უნდა ეტკინოთ, სხვა შემთხვევაში ეს არ იმუშავებს. ჩვენი სურვილია, მივიტანოთ ეს იდეა ევროპარლამენტიდან ევროკომისიამდე. რადგან მივიღეთ ეს მექანიზმი, ის ეფექტური უნდა იყოს, ამისთვის კი მათი რაოდენობა უნდა იყოს არსებითი", - თქვა მან.
ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ მისი კოლეგების უმრავლესობა ინიციატივას მხარს დაუჭერდა, რათა ბიძგი მისცეს ქართულ ელიტაში განწყობის ცვლილებას და შეჩერდეს დემოკრატიის უკუსვლა.
"ძალიან დასანანია, ხედავდე ქვეყნის ერთ-ერთი მმართველის ცოლს პარიზის მოდის კვირეულზე მაშინ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები სახსრებს გადარჩენაზე ხარჯავენ", - თქვა სოციალ-დემოკრატმა ევროპარლამენტარმა.
მისი შეთავაზებაა, სავიზო შეღავათებით სარგებლობის საშუალება ჩამოერთვათ არა მხოლოდ მინისტრებსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ უმაღლესი თანამდებობის პირებს, არამედ მოსამართლეებს, პროკურორებს, მათ მეუღლეებსა და შვილებს.
"პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც ავტოკრატიის საშუალო რგოლის წარმომადგენლები დგებიან რისკის ქვეშ, ვინაიდან ისინი იწყებენ ამაზე ჩივილს და ამბობენ: „მინისტრო, შევასრულე თქვენი მოთხოვნა, მაგრამ ახლა პრობლემა მაქვს - ვერ ვაგზავნი ჩემს შვილებს საფრანგეთში სასწავლებლად“.
ნაჩო სანჩეს ამორი მიიჩნევს, რომ ერთადერთი, რისიც ქართველ ჩინოვნიკებს ნამდვილად ეშინიათ, არის „სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის მოპარული ფულის სხვაგან დახარჯვის შესაძლებლობის დაკარგვა“. ამავდროულად, დეპუტატებმა აღიარეს, რომ მათ ჯერ არ აქვთ კონკრეტული სია იმ კანდიდატებისა, რომლებსაც პოტენციურად შეიძლება შეეხოთ უვიზო მიმოსვლის გაუქმება და რომ ეს საკითხი შესწავლას საჭიროებს.
ბრიფინგზე მყოფმა ევროპარლამენტარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლების ჩამორთმევა იქნებოდა შეცდომა, რადგან ის ხელს შეუწყობდა საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდას და არასწორ სიგნალს გაუგზავნიდა სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც სასოწარკვეთილად იბრძვის ევროპული ინტეგრაციის გაგრძელებისთვის.
ნაჩო სანჩეს ამორი გასულ კვირაში იმყოფებოდა თბილისში, ის სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის შეჩერება, პირველ რიგში, უნდა გაავრცელოს მთავრობის ყველა დონის წარმომადგენლებზე, მაღალი თანამდებობის პირებსა და სამხედრო ჩინოსნებზე, „რითაც მინიმუმამდე დაიყვანება უარყოფითი შედეგები მთლიანად ქვეყნის მოსახლეობისთვის“.
13 ოქტომბერს პრაღაში მყოფმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლებასთან კომენტარში განაცხადა, რომ ევროკავშირი სერიოზულად მუშაობს შეზღუდვების შემოღებაზე. მისი სიტყვებით, მნიშვნელოვანია, რომ ის არ გავრცელდეს საზოგადოებაზე, რომელიც პროევროპულადაა განწყობილი და შეეხოს მათ, ვინც პასუხისმგებელია ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევაზე.
სოციალ-დემოკრატები „ქართული ოცნების“ ყოფილი პარტნიორები არიან. მათი პოლიტიკური გზები 2023 წელს გაიყო, კერძოდ, იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობის შემდეგ. 2024–2025 წლებში სოციალ-დემოკრატები, "ევროპის სახალხო პარტიასთან ერთად", რომელიც ევროპარლამენტის წამყვანი პარტიაა, აქტიურად აკრიტიკებდნენ „ქართულ ოცნებას“.