03.05.202603.05.2026
2026 წლის 4 მაისს სომხეთის დედაქალაქში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტი გაიმართება თემაზე: „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად სომხეთს რამდენიმე ათეული ქვეყნის ლიდერი ეწვია.
ერევანში უკვე ჩაფრინდა ევროკავშირის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, ევროპარლამენტის ხელმძღვანელი რობერტა მეცოლა და ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი, ასევე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, სერბეთის პრემიერ-მინისტრი ჯურო მაკუტი, მონაკოს პრინცი ალბერ II , საბერძნეთის პრეზიდენტი კონსტანტინოს ტასულასი, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ლუკ ფრიდენი, ბულგარეთის პრეზიდენტი ილიანა იოტოვა, კანადის პრემიერ მინისტრი ანიტა ანანდი. სომხეთში იმყოფებიან ასევე ირაკლი კობახიძე და მაკა ბოჭორიშვილი.
ევროპული პოლიტიკური საზოგადოების პირველი სამიტი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 2022 წლის 6 ოქტომბერს ჩატარდა. მას შემდეგ სამიტები თანმიმდევრობით გაიმართა მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში, ესპანეთის ქალაქ გრანადაში, გაერთიანებული სამეფოს ოქსფორდშირის საგრაფოში, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში და დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში.
ევროპული პოლიტიკური საზოგადოება აერთიანებს დაახლოებით 50 ევროპული ქვეყნის ლიდერს თანასწორობის საფუძველზე, ერთიანობის სულისკვეთებითა და საერთო მიზნით. იგი წარმოადგენს პოლიტიკურ პლატფორმას პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის სტიმულირებისთვის საერთო ინტერესის საკითხების მოსაგვარებლად, აგრეთვე ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასამყარებლად. ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტი ევროპელ ლიდერებს გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობას აძლევს.
არმენპრესის“ ცნობით, ფაშინიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში შეახსენა საზოგადოებას, რომ ამ მოვლენებთან დაკავშირებით ერევანში დაწესდება მოძრაობის შეზღუდვები, რაც მოქალაქეებს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის.
მან აღნიშნა, რომ 5 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სახელმწიფო ვიზიტი შედგება, რომლის ფარგლებშიც სომხეთის პრემიერ-მინისტრი და საფრანგეთის პრეზიდენტი გიუმრისაც ეწვევიან და სომეხი და ფრანგი ვარსკვლავების მონაწილეობით გამართულ კონცერტს დაესწრებიან.
5 მაისს ასევე გაიმართება სომხეთი-ევროკავშირის პირველი სამიტი.

21 hours ago
4




English (US) ·
Georgian (GE) ·