ალან ბერსემ, - რომლის კეთილსინდისიერებაშიც ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა 2024 წლის დეკემბერში ეჭვი შეიტანა, - ეს განცხადება 8 აპრილს გააკეთა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას.
ალან ბერსეს საქართველოსთან დაკავშირებით შვედმა პარლამენტარმა, აზედა როიჰან გუსტავსონმა („შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია“) დაუსვა კითხვა: „როგორ შეიძლება უფრო ახლოს ვიმუშაოთ ერთმანეთთან“?
ამ კითხვას ალან ბერსემ ვრცელი პასუხი გასცა. თავდაპირველად თქვა, რომ დეკემბერში იმყოფებოდა თბილისში და მიზნებს შორის დაასახელა:
„რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ქვეყანაში დადებითი განვითარება გვქონოდა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით და, ასევე, გვეპოვა გზები, უპირველეს ყოვლისა, ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონმდებლობის განსახილველად“.
„კარგი დისკუსიები“
ბერსე, - რომლის განცხადებების აქცენტებიც ვიზიტის მიმდინარეობისასვე მკაცრად გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ მეტოქე პარტიებმა და მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, - ახლა აცხადებს:
„იქ კარგი დისკუსიები მქონდა მმართველ პარტიასთან, ოპოზიციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან. დაბრუნებულს, კარგი შთაბეჭდილება დამრჩა მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ იმ საკმაოდ რთულ კონტექსტში, რაც ჩვენ გვქონდა“.
„თებერვლის დასაწყისში მე მივიღე განცხადება, რომ საქართველო აღარ იყო ხელმისაწვდომი, რომ გაეგრძელებინა ერთობლივი მუშაობა ე.წ საგარეო გავლენის კანონის სიღრმისეული შესწორებაზე ან გაწვევაზე“, - თქვა მან სამშაბათს.
გაიხსენა ისიც, რომ „საკმაოდ გრძელი სატელეფონო საუბარი“ მქონდა ჰქონდა ირაკლი კობახიძესთან, – 3 თებერვალს.
„მან მაცნობა მთავრობის განზრახვების შესახებ, დაუბრუნდეს დეკემბერში აღებული ვალდებულებების შესრულებას. მას შემდეგ ჩვენ შორის პირდაპირი კომუნიკაცია აღარ ყოფილა“, - განაცხადა ბერსემ.
„ბევრად უარესი შეიძლება ყოფილიყო“
„ახლა კი კითხვა არის, თუ რა უნდა გაკეთდეს“, - თქვა მან და განაგრძო:
„მინისტრთა კომიტეტში ორი დისკუსიის შემდეგ მე გამოვედი წინადადებით, რომ შევეცადოთ, განვავითაროთ სტრუქტურირებული დიალოგი საქართველოსთან, რათა დავინახოთ, რისი მიღწევა შეგვიძლია ერთად“.
სწორედ ამ კონტექსტში თქვა ბერსემ, რომ ვითარება უარესიც შეიძლება ყოფილიყო:
„საქართველოში მდგომარეობა არ არის ისეთი კარგი, როგორიც ჩვენ გვინდა. ეს [სიტუაცია[ მართლაც არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა მრავალი თვის განმავლობაში, მაგრამ ეს [ვითარება] შეიძლება ბევრად უარესი ყოფილიყო. ესაა საქმე“.
მას არ დაუზუსტებია, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს „ბევრად უარესი“ ვითარება, - იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ოპოზიციური სპექტრი, მისი მხარდამჭერები, დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები უახლოეს თვეებში აკრძალვა-გაქრობის რისკებზე საუბრობენ.
„ამ წუთას ცუდი დინამიკა გვაქვს. მეტი კონტაქტი გვჭირდება. ჩვენ გვსურს, მეტი ვიმუშაოთ ერთად და, ასევე, უნდა მივცეთ შანსი, რომ სტრუქტურირებულმა დიალოგმა იმუშაოს“, - განაცხადა ალან ბერსემ.
„მას შემდეგ, რაც თქვენ კენჭისყრა გქონდა და უფლებამოსილება გარკვეული პირობებით სცანით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან სიგნალი ცხადი იყო. ახლა ჩვენ უნდა ვნახოთ, თუ არის ამ სიგნალზე დაყრდნობით, შესაძლებელია თუ არა რაიმეს გაკეთება“, - თქვა მან.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე 2025 წლის 29 იანვრის კენჭისყრაზე მიიღო კრიტიკული რეზოლუცია, რომლითაც მოითხოვა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ამასთან, PACE-მ „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება მხოლოდ შეზღუდული უფლებებით ცნო და 2025 წლის აპრილამდე „გამოსაცდელი ვადა“ მისცა.
„მე მალე დავუკავშირდები, იმედია, საქართველოს მმართველ პარტიას და პრემიერ-მინისტრს, რათა ვნახო, რა შეიძლება ერთად გავაკეთოთ რომ კვლავ სწორი მიმართულებით წავიდეთ“, - განაცხადა ალან ბერსემ.
ბერსეს ვიზიტი დეკემბერში
2024 წლის 20 დეკემბერს, თბილისში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, ალან ბერსემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეთანხმდნენ, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძემ კი პასუხად განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა ასეთი დისკუსიებისთვის, თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა „დაუმტკიცონ“ კანონის ხარვეზები.
„იქნებ იდეალური კანონია, მაინც შევცვალოთ?“ - თქვა მან.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ალენ ბერსე და მისი დელეგაცია „მგონი, ცოტა გაუგებრობაში არიან“.
„კარგად არ ესმით აქაური სიტუაცია და მე ავუხსენი, რომ ამ ქვეყანაში მოსვლა, როცა შენ წარმოადგენ ყველაზე ძველ ევროპულ ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია ერთადერთ რამეზე: დაიცვას დემოკრატიული პრინციპები და ადამიანის უფლებები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ბერსესთან და მის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.
ალენ ბერსეს თქმით, ის საქართველოში „არჩევნების ლეგიტიმაციისთვის“ არ ყოფილა ჩამოსული: „მე აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის, ეს არის სხვა კომპეტენტური ინსტიტუციების გასაკეთებელი“, - განაცხადა მან.