2026 წლის 9-11 ივნისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ადამიანის უფლებათა საკითხებისადმი მიძღვნილი მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის ფარგლებში კომიტეტმა საქართველოს მიერ მაქარაშვილის ჯგუფის საქმეების აღსრულების პროგრესი შეაფასა.
მაქარაშვილის ჯგუფის საქმეები ევროპული სასამართლოს 6 გადაწყვეტილებას აერთიანებს, რომლებიც შეეხება 2015-2023 წლებში საქართველოში საპროტესტო აქციების კონტექსტში დემონსტრანტების უკანონო დაკავების, სამართლიანი სასამართლოს უფლების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის შემთხვევებს.
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებასა და გაცემულ რეკომენდაციებზე ინფორმაციას საია ავრცელებს:
მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება და რეკომენდაციები
კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მოქმედი იმ კანონმდებლობისა და პრაქტიკის გამო, რომელიც შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე მსუსხავ ეფექტს ახდენს და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. მინისტრთა კომიტეტმა ხელისუფლებას მოუწოდა, საფუძვლიანად გადახედოს შეკრების თავისუფლების შემზღუდავ კანონმდებლობასა და პრაქტიკას და ევროპული კონვენციის სტანდარტებს შეუსაბამოს. კომიტეტის შეფასებით, ეს აუცილებელია არაპროპორციული და თვითნებური დაკავების, პატიმრობისა და მსჯავრდების, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი მსჯავრდების, ასევე სანქციების პრევენციისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფისთვის.
მინისტრთა კომიტეტმა ასევე ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების როლს კონვენციასთან შესაბამისობის მონიტორინგში და სახელმწიფოს მოუწოდა, უზრუნველყოს სრულად ხელსაყრელი გარემო იმ ორგანიზაციების ეფექტიანი საქმიანობისთვის, რომლებიც შეკრების თავისუფლების მონიტორინგს ახორციელებენ და პროტესტის მონაწილეებს იურიდიულ დახმარებას უწევენ.
მინისტრთა კომიტეტის ეს გადაწყვეტილება და რეკომენდაციები ეფუძნება ბოლო პერიოდში საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის უკიდურეს გამკაცრებას, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მიერ მისი თვითნებურად და არაპროპორციულად გამოყენების საგანგაშო პრაქტიკას. კერძოდ, მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების განმარტებითი ბარათის (notes to the decision) თანახმად, ხელისუფლებას არ განუხორციელებია საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. სახელმწიფომ კომიტეტს ასევე არ წარუდგინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებები გატარდა სამართალდამცავი და სასამართლო პრაქტიკის კონვენციასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. მეტიც, 2025 წელს შეკრების თავისუფლების კონტექსტში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული სანქციები კიდევ უფრო გაიზარდა, ხოლო ალტერნატიული სანქციების გამოყენების შესაძლებლობა შეიზღუდა. კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოებისა და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი ინფორმაცია ამ მიმართულებით არსებულის სისტემური პრობლემების თაობაზე.
მინისტრთა კომიტეტის ეს გადაწყვეტილება თანხვედრაშია ევროპის საბჭოს სხვა ორგანოების, მათ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ვენეციის კომისიის, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, აგრეთვე ეუთო/ოდირის მიერ გამოხატულ მზარდ შეშფოთებასთან, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 2024-2026 წლებში საპროტესტო აქციების ჩასახშობად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები და ამ კანონების აღსრულება ევროპული კონვენციის სტანდარტებს უხეშად არღვევს.
სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ანგარიში
სახელმწიფო მინისტრთა კომიტეტის წინაშე წარდგენილი საქმეების აღსრულების ანგარიშში (action report) მიუთითებდა, რომ მაქარაშვილის საქმეების ჯგუფში გაერთიანებული საქმეები უფლების იზოლირებულ დარღვევებს შეეხებოდა და არ წარმოადგენდა სისტემური პრობლემების გამოვლინებას.8 სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა შესაბამისობაშია კონვენციის მოთხოვნებთან, ხოლო სასამართლო ზედამხედველობა ამ კანონების აღსრულების მიმართ – ეფექტიანია. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ საქმეებში მომჩივნებისთვის კომპენსაცია გადახდილი იყო, სახელმწიფო ითხოვდა მაქარაშვილის საქმეების ჯგუფში არსებულ საქმეებზე ზედამხედველობის დახურვას.
ამ მტკიცების მიუხედავად, სახელმწიფოს არ წარმოუდგენია არც ერთი ღონისძიება ან გადადგმული ნაბიჯი, რომლითაც დაადასტურებდა შეკრების და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობის გაუმჯობესებას და მინისტრთა კომიტეტის წინა წლის რეკომენდაციებთან შესაბამისობას. სახელმწიფომ ასევე არ წარმოადგინა კომიტეტის მიერ მოთხოვნილი, გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში ადმინისტრაციული სამართალწარმოების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია. მაგალითად, მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენ შემთხვევაში არ გაიზიარეს სასამართლოებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი სამართალდარღვევის ოქმები, ან რამდენ შემთხვევაში შეცვალა სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნული მონაცემები მნიშვნელოვანი ინდიკატორია განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გავლენის და სასამართლო კონტროლის ეფექტიანობის შესაფასებლად.
სამოქალაქო საზოგადოების და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი ანგარიშები
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ამ ჯგუფის საქმეების ფარგლებში ერთობლივი ანგარიში უკვე მეორედ წარადგინეს. 2026 წლის ანგარიშში ორგანიზაციებმა კომიტეტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს:
- 2024-2025 წლებში მმართველი პარტიის მიერ არადემოკრატიული და დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებმაც შეკრების და გამოხატვის თავისუფლებებით სარგებლობის პრაქტიკული კრიმინალიზება მოახდინა; მათ შორის, მაგალითად, ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის 60 დღემდე გაზრდა, ადმინისტრაციული ჯარიმების არაპროპორციული ზრდა, განმეორებით ჩადენილ სამართალდარღვევებზე სისხლის სამართლის სამართლებრივი დევნა და სხვა;
- აღნიშნული კანონების განმარტების და აღსრულების უკიდურესად პრობლემური პრაქტიკის თაობაზე, მათ შორის, აქტივისტების მიმართ არაპროპორციული ჯარიმების დაკისრების, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი დევნის, ანგარიშების დაყადაღების პრაქტიკებზე, რომელიც ადასტურებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია საპროტესტო აქციების ჩახშობასა და პროტესტის მონაწილეების დასჯაზე;
- სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამ კანონების თვითნებური განმარტების და აღსრულების პრაქტიკებზე ეფექტიანი სასამართლო კონტროლის არარსებობის თაობაზე;
- პროტესტის მონაწილეების მიმართ მასობრივი ვიდეო მონიტორინგის და სახის ამომცნობი ტექნოლოგიების საშუალებით ავტომატური ამოცნობის უკანონო პრაქტიკების შესახებ, რომლებიც შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე ძლიერ მსუსხავ ეფექტს ახდენს;
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის უპრეცედენტოდ რეპრესიული კანონმდებლობის მიღების და მტრული სამუშაო გარემოს შექმნის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მათ შესაძლებლობას, გააგრძელონ პროტესტის მონაწილეთა უფასო იურიდიული დახმარება და შეკრების და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობის დოკუმენტირება და მონიტორინგი.
კომიტეტის სხდომისთვის ინფორმაცია ასევე წარადგინა სახალხო დამცველმაც, რომელმაც ყურადღება გაამახვილა, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზებსა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებზე საერთო სასამართლოების დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების პრობლემებზე. სახალხო დამცველი ასევე მიუთითებდა, რომ 2025 წლის განმავლობაში, კომიტეტის მიერ სახელმწიფოსთვის მიცემული რეკომენდაციების მიუხედავად, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების სფეროში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.
მინისტრთა კომიტეტის მანდატი
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი წარმოადგენს ევროსაბჭოს აღმასრულებელ და გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს, რომელიც შედგება 46 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისგან. სწორედ მინისტრთა კომიტეტია პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგზე. ამ მიზნით, კომიტეტი წელიწადში ოთხჯერ იკრიბება ადამიანის უფლებათა სხდომებზე და წევრი სახელმწიფოების მიერ გადაწყვეტილებების აღსრულების პროგრესს აფასებს.
საქმეთა აღსრულების ზედამხედველობა ე.წ. ორმაგი ზედამხედველობის პროცედურით, სტანდარტული და გაძლიერებული პროცედურით ხორციელდება: ზოგადად, ყველა გადაწყვეტილება სტანდარტული პროცედურით ფასდება, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. კერძოდ, თუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სისტემურ და სტრუქტურულ პრობლემას ავლენს, იგი გაძლიერებულ ზედამხედველობას ექვემდებარება და ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროგრესს კომიტეტი ყოველწლიურად აფასებს, ხოლო სახელმწიფოს აღსრულების პროგრესის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენა ევალება. ამასთან, სახელმწიფო ვალდებულია ინდივიდუალური მომჩივნის უფლების აღდგენის გარდა, გამოვლენილი პრობლემის აღმოსაფხვრელად, ზოგადი ღონისძიებებიც განახორციელოს, რაც შეიძლება მოიცავდეს კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული პრაქტიკის ცვლილებას.
თავდაპირველად, 2023 წლიდან, მაქარაშვილის საქმეების ჯგუფის აღსრულების მონიტორინგი სტანდარტული პროცედურით მიმდინარეობდა. თუმცა, 2025 წლის 10-12 ივნისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მინისტრთა კომიტეტმა მაქარაშვილის საქმეების ჯგუფი გაძლიერებულ ზედამხედველობას გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესების შემაშფოთებელი ტენდენციის გათვალისწინებით დაუქვემდებარა.
მინისტრთა კომიტეტის მიერ მაქარაშვილის საქმეების ჯგუფის აღსრულების პროგრესის მომდევნო განხილვა 2027 წლის ივნისში იგეგმება.
საიას განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აქტიურად აგრძელებენ საქართველოში სამოქალაქო უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს, ანგარიშგებას და საერთაშორისო ადვოკატირებას საქართველოში შეკრების თავისუფლებით სარგებლობის სტანდარტების გაუმჯობესებისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების მიღწევის მიზნით.

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·