ელენე ხოშტარიას ცნობით, დაკავების შემდეგ პოლიციელებმა დაზიანება მიაყენეს და სრულად გააშიშვლეს

3 days ago 2

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში ჰყვება, რომ 28 მარტს აქციაზე დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში [“რამიშვილზე „შუშებიანში“”], თანამშრომლობაზე უარის თქმის შემდეგ, პოლიციელებმა ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა, ზურგს უკან ხელები ბორკილებით მჭიდროდ შეუკრეს და ყბებსა და კბილებზე მიაყენეს დაზიანება; ხოლო დროებითი მოთავსების იზოლატორში, დიღომში - “პოლიციიდან გამოძახებული ბრიგადის მეშვეობით”, ხელები ისევ ზურგს უკან შეუკრეს და სრულად გააშიშვლეს.

“ორ პოლიციელს ვეჭირე (ნინო ჩხარტიშვილს, სალომე ლაშხიას და კიდევ ერთს) მეჭიდავებოდნენ და სრულად გამაშიშვლეს. ეს ძალადობრივი გაშიშვლების პრაქტიკა არის ადამიანის ღირსების შელახვისა და მათზე ფიზიკური ძალადობის უღირსი რუსული საძაგელი მეთოდი”, - წერს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია.

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ყოველთვის ერიდება ემოციების გასაჯაროებას, “განსაკუთრებით, როდესაც უამრავი ახალგაზრდაა რეჟიმის და წამების მსხვერპლი”, მაგრამ ამჯერად თვლის, რომ “საქმეს ასე სჭირდება” და საზოგადოება უნდა გააფრთხილოს.

“წარმოვიდგინე ყველა ის დაუცველი და გამოუცდელი ადამიანი, ვინც ამათ ხელში ვარდება. ზოგს ამაზე საუბრის ეშინია, ზოგს რცხვენია. ცხადია, სენსიტიურია ამ დეტალებზე საუბარი. თუმცა, აუცილებელია ვისაუბროთ, ბოლომდე მივყვეთ, დავსაჯოთ და აღმოვფხვრათ ადამიანის მიმართ ასეთი მოპყრობა… კარგად ვარ, მე რა მიჭირს, რამდენი უდანაშაულო ადამიანია გამომწყვდეული ციხეში თვეებია”, - აღნიშნავს ელენე ხოშტარია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, 28 მარტს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს.

„მონებო! რუსებო“ - სკანდირებდნენ ხოშტარიას დაკავებისას დემონსტრანტები.

28 მარტს, უწყვეტი აქციების 121-ე დღეს, დემონსტრანტები ასევე აპროტესტებდნენ სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას. კომისიის მორიგი სხდომა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის თემატიკას შეეხებოდა. კომისია, თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით, ცდილობს, რომ ომში “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ბრალეულობა გამოკვეთოს.

მოქალაქეთა პროტესტი გამოიწვია სხდომაზე დასმულმა შეკითხვებმა, რომლებიც ომის დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ქართული მხარის დადანაშაულების მინიშნებებს შეიცავდა. მათ პარლამენტის შესასვლელთან აქციის გამართვა სხდომის პარალელურად, სპონტანურად დაგეგმეს.

*შსს-მ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც მითითებულია, რომ იზოლატორში მოთავსებამდე, ელენე ხოშტარიას მიმართ "დაიწყო კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტო ბრძანება №423-ით რეგულირდება", ხოლო "პროცედურების გავლისას ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, კერძოდ ის უარს აცხადებდა მოთავსების კანონით განსაზღვრულ პროცედურების სრულად გავლაზე და იქცეოდა აგრესიულად".

"იზოლატორის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა და სამართლებრივი განმარტების მიუხედავად, ის კვლავ უარს აცხადებდა შემოწმებაზე. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები", - შსს ასევე აღნიშნავს, რომ "დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა".

ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ელენე ხოშტარიას - 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

შსს-მ 28 მარტის აქციაზე ოთხი პირის დაკავება დაგვიდასტურა.

*შსს-ს განცხადება მოგვიანებით გამოქვეყნდა, როდესაც ახალი ამბების ეს ტექსტი უკვე გამოქვეყნებული იყო.

სრულად წაკითხვა