WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედი, თამაზ ელიზბარაშვილი, ბიზნესსექტორს შეთავაზებით მიმართავს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ მზად არის, მის საკუთრებაში არსებული ძაღლების თავშესაფარი [მიწაც და შენობებიც], რომელიც მისი თქმით, 1.5 მილიონ დოლარზე მეტადაა შეფასებული, ნებისმიერ დაინტერესებულ ინვესტორს სრულიად უსასყიდლოდ გადასცეს, თუმცა ერთი კონკრეტული პირობით.

ბიზნესმენის გადაწყვეტილება მის მიმართ ახლახან დასრულებულ სისხლის სამართლის საქმესა და პატიმრობას უკავშირდება. ელიზბარაშვილი იმედგაცრუებულია, სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების სისტემის ქმედებების გამო, რადგან მისი მრავალწლიანი საქველმოქმედო საქმიანობა არ გაითვალისწინეს.

თამაზ ელიზბარაშვილის შეთავაზება ლორთქიფანიძის ქუჩაზე მდებარე, 3000 კვადრატულ მეტრზე მეტ ტერიტორიასა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს ეხება.

როგორც ბიზნესმენი განმარტავს, ის მზად არის მიწა და ინფრასტრუქტურა ოფიციალურად, ნოტარიული წესით აჩუქოს ნებისმიერ ბიზნესმენს, რომელიც ვალდებულებას აიღებს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში თავშესაფრის ფუნქციონირებასა და ცხოველთა მოვლა/გადარჩენის პროცესს უზრუნველყოფს.

„მზად ვარ, მილიონ-ნახევარი დოლარის ღირებულების ქონება ვაჩუქო იმ პირობით, რომ 5 წელი აკეთოს ის ქველმოქმედება, რასაც მე ვაკეთებდი. ხუთი წლის მერე კი შეუძლია ეს ქველმოქმედება შეწყვიტოს, იმ ტერიტორიაზე რაც უნდა ის გააკეთოს. უნდა, კორპუსები ააშენოს, ან რასაც თავად ჩათვლის საჭიროდ,“ – აცხადებს ელიზბარაშვილი.

მისივე გათვლებით, ინვესტორისთვის ეს ფინანსურად მომგებიანი გარიგებაა. ელიზბარაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 5 წლის განმავლობაში ბიზნესმენს თავშესაფრის შენახვის ხარჯების გაღება მოუწევს, საბოლოო ჯამში, უძრავი ქონების ღირებულებიდან გამომდინარე, მას მაინც მოგება დარჩება.

მიმართვაში ბიზნესმენი დეტალურად საუბრობს იმ მიზეზებზე, რამაც მას ეს რადიკალური გადაწყვეტილება მიაღებინა. ელიზბარაშვილის თქმით, ის სისტემამ უსამართლოდ დასაჯა.

საქმე ეხება ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ინციდენტს, სადაც, ბიზნესმენის თქმით, იმედის 7 თანამშრომელი მას არაკორექტულად მოექცა და შემდეგ ის მათ დაემუქრა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) წარიმართა. როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, ეს მუხლი ალტერნატიულ სასჯელად ითვალისწინებდა იძულებით შრომას ან ჯარიმას, თუმცა მას მაქსიმალური სიმკაცრით მოექცნენ. ელიზბარაშვილმა საპატიმროში 2 თვე გაატარა, რის შემდეგაც საპროცესო გარიგებით გათავისუფლდა.

„შევთავაზე, რომ ჯარიმას გადავიხდიდი. ჩამითვალეთ იძულებით შრომაში ის სიკეთე, რასაც ვაკეთებ-მეთქი და გარეთ გამიშვით… მაგრამ არა, ჯარიმაც გადამახდევინეს, ციხეც მახეხინეს და პირობითიც გამომაყოლეს,“ — ამბობს ის.

თამაზ ელიზბარაშვილი ხაზს უსვამს იმ როლს, რაც მისმა თავშესაფარმა წლების განმავლობაში ითამაშა. მისი თქმით, ქუჩაში დაგდებულ, ტრავმირებულ და ავადმყოფ ცხოველებს სწორედ მისი თავშესაფარი ეხმარებოდა.

„23 წლის განმავლობაში შეხიდული ვიყავი ჩემს ქვეყანას, ჩემს ლამაზ საქართველოს… მე მიხაროდა, რომ საქართველოში იყო ეს სიკეთის კერა. ვთვლი, რომ ვიმსახურებდი იმას, რომ ამდენი ხანი ციხეში არ გავეშვი,“ — აღნიშნავს ქველმოქმედი.

ბიზნესმენი საზოგადოებას სთხოვს, აქტიურად გაავრცელონ მისი შეთავაზება, რათა დროულად მოიძებნოს ინვესტორი, რომელიც 5 წლით ცხოველებზე ზრუნვის პასუხისმგებლობას აიღებს, სანაცვლოდ უძრავ ქონებას მიიღებს.