29 ოქტომბერს ესპანეთში დაიწყო სამდღიანი ეროვნული გლოვა დიდი მსხვერპლის გამო, რომელიც ქვეყნის რკინიგზაზე მომხდარ კატასტროფას მოჰყვა.
ესპანეთის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშებია დაშვებული. გაუქმებულია მასობრივი ღონისძიებები.
- 28 ოქტომბერს ტოლედოს პროვინციაში, მადრიდი-ანდალუსიის სარკინიგზო ხაზზე ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 68 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.
- სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პერდო სანჩესმა, რომელიც 28 ოქტომბერს იმყოფებოდა კატასტროფის რაიონში.
ესპანეთის პოლიციამ მადრიდში, ტოლედოში, კორდოვასა და სევილიაში გახსნა ოთხი სპეციალური პუნქტი, სადაც ჯერჯერობით დაკარგულად მიჩნეულთა ნათესავებს შეუძლიათ დნმ-ის ნიმუშების ჩაბარება.
რკინიგზაზე მორიგი ტრაგედიის გამო, 28 ოქტომბერს ღამით მადრიდში, ესპანეთის ტრანსპორტის სამინისტროსთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
რა მოხდა ესპანეთის რკინიგზაზე
28 ოქტომბერს ესპანეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია Renfe-ს ჩქაროსნული მატარებელი, რომელშიც 397 მგზავრი იმყოფებოდა, შეეჯახა ამავე ხაზზე გაჩერებულ, კერძო კომპანია Iryo-ს მატარებელს 147 მგზავრით. რამდენიმე ვაგონი რელსებიდან გადავარდა.
ორივე მატარებელი მადრიდიდან სევილიისკენ მიემართებოდა
ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა ოსკარ პუენტემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 28 ოქტომბერს დილით კომპიუტერულ სისტემაში იყო შეფერხება, რამაც გამოიწვია უკვე გზაში ამ ორი და კიდევ რამდენიმე მატარებლის გაჩერება.
კომპიუტერული სისტემის შეფერხების შემდეგ მართვა გადაეცა დისპეტჩერების ცენტრს, რომელმაც, მინისტრის თანახმად, მატარებლებს მისცა მოძრაობის განახლების უფლება სიჩქარის შეზღუდვის გარეშე. გარემოებების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
- 2026 წლის დასაწყისიდან ესპანეთის რკინიგზაზე უკვე მეორე მასშტაბური კატასტროფა მოხდა. 18 იანვარს ქვეყნის სამხრეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა.
radiotavisupleba ახალი ამბები