ემსახურება დაშინებას, დამცირებას, დასჯას - სოციალური სამართლიანობის ცენტრი „იძულებითი გაშიშვლების“ პრაქტიკაზე

2 days ago 9

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას და მიაჩნია, რომ „იძულებითი გაშიშვლების“ პრაქტიკა სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც ის აქციაზე დაკავებული მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს.

2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, სოციალურ ქსელებში არაერთმა აქტივისტმა დაწერა, რომ იზოლატორში შესახლებისას, სახლში ჩატარებული ან პირადი ჩხრეკისას მათ პოლიციის თანამშრომლები გაშიშვლებას აიძულებდნენ, სხვაგვარად ძალადობდნენ მათზე ან უზღუდავდნენ კონსტიტუციით დაცულ სხვადასხვა უფლებას.

იძულებითი გაშიშვლების პრაქტიკაზე რადიო თავისუფლებამაც დაწერა.

„პოლიციის მხრიდან იძულებითი გაშიშვლების პრაქტიკის დამკვიდრება ემსახურება აქტივისტების დაშინებას, დამცირებასა და დასჯას და მისი არასათანადოდ, პროცედურული გარანტიების გარეშე განხორციელება უკიდურესად პრობლემური და შემაშფოთებელია. დაკავებულის პირადი დათვალიერებისას მისი სრულად გაშიშვლებას ეწინააღმდეგება შს მინისტრის ბრძანება[1], რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის შესახლების პროცედურას არეგულირებს“, - წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

ორგანიზაცია მოიხმობს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტს (CPT) რომელიც მიიჩნევს, რომ პირადი დათვალიერება ხშირად მატრავმირებელია და შესაძლოა, გადაიზარდოს არასათანადო, დამამცირებელ მოპყრობაში მსგავსი განზრახვის არსებობის გარეშეც, თუ ის სათანადო წესით დაცვით არ არის ჩატარებული.

აუცილებელია, რომ ჩხრეკისას პირის მიმართ მოპყრობა იყოს ჰუმანური და არ არღვევდეს მის თანდაყოლილ ღირსებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ადამიანის გაშიშვლება ჩხრეკისას დაუშვებელია შესაბამისი საფუძვლების გარეშე.

იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ქმედება ხორციელდება არასათანადოდ ან უმიზეზოდ (მაგალითად, სახეზე არ არის მსგავსი ჩხრეკის ჩასატარებლად აუცილებელი საფრთხე ან საგამოძიებო ღირებულება), ის გაუტოლდება არასათანადო მოპყრობას ან ზოგიერთ შემთხვევაში, წამებას. ამასთან, პირის გაშიშვლება, ჩხრეკის მიზნით, დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვაგვარი დათვალიერებით შეუძლებელია მიზნის მიღწევა.

„პოლიციის მიერ იძულებითი გაშიშვლების პრაქტიკის გაგრძელება სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც ის აქციაზე დაკავებული მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს. აქტივისტების დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას დაქვემდებარება წახალისებულია იმ უწყებების, მათ შორის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, მიერაც, რომლებსაც დღემდე არ გამოუძიებიათ სამართალდამცავების მხრიდან აქციაზე დაკავებული პირების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები“, - წერია განცხადებაში.

2025 წლის 29 მარტს, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, განაცხადა, რომ ის დაკავებისას დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

პოლიტიკოსმა გაასაჯაროვა მისი დაკავების დეტალები; ის წერს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების პროცედურის დროს, კერძოდ, ჩხრეკის/პირადი დათვალიერებისას, პოლიციის თანამშრომლებმა მას გაშიშვლება აიძულეს და მეტალოდეტექტორით შეამოწმეს.

სრულად წაკითხვა