48 წლის მამაკაცი, ავთანდილ ბოდოკია ერთი თვის წინ ქუთაისთან ახლოს, ვარციხის ჰესში, 10 მეტრის სიღრმის წყალში გადავარდა.
შემთხვევიდან 3 საათში, ჰესის ტერიტორია ფსკერამდე დააშრეს, თუმცა ცხედარი ვერსად იპოვნეს.
იმ დროიდან დღემდე სამძებრო სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობდა, თუმცა ცხედრის პოვნა მაინც ვერ მოხერხდა.
როგორც ცნობილია 2025 წლის 2 მარტს ის სახლიდან გავიდა და მისი ნაკვალევი თოვლში, მდინარის მოაჯირთან შეწყდა.
ოჯახი და ახლობლები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ და ვინც ცხედარს იპოვის, ოჯახი მადლობის ნიშნად 10 000 ლარს გადასცემს.
"მზიან, მაგრამ თოვლიან და სუსხიან დილას, ღიმილნარევი სახით სახლიდან გავიდა და მალე მოვალო, მითხრა. როცა სახლში მოსვლა დააგვიანდა, მოსვენება დავკარგე, ყოველი გასული წუთი საუკუნოდ მეჩვენებოდა, ფიქრებში ვიმეორებდი, კარგად არის, ალბათ სადმე შეიარათქო. სახლებიდან მეზობლების მანქანებით სწრაფად გასვლამ და გზად ჩაქროლილმა პოლიციის მანქანებმა შფოთვა უფრო გამიმწვავა.
მალევე გვითხრეს, მანქანა ვნახეთ... ათული შიგ არ ზის, თოვლის ნაკვალევი მდინარესთან, მოაჯირზე ადის და იქ წყდებაო.
ერთ თვეზე მეტია ყოველდღე ველოდები, ველოდები ისევ დიდი სიყვარულით, სულ სხვანაირი მონატრებით, ისეთი მონატრებით, რომ ლამის გულმა შეწყვიტოს ფეთქვა. დავკარგე საუკეთესო მეუღლე, მეგობარი, კარგი შვილების მამა" - ამბობს ავთანდილ ბოდოკიას მეუღლე.