ერთადერთი, რუსთაველის გამზირზე მისვლის აკრძალვას არ მივიღებ — რეზო კიკნაძე

3 hours ago 1

„6 წლის შემდეგ ცირკში არ ვყოფილვარ და არ მეგონა 27 წლის ასაკში თუ მომიწევდა“ — განაცხადა პროევროპული აქციების მონაწილე რეზო კიკნაძემ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისა.ს

მან თქვა, რომ ა თუ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ, მიმალვას არ აპირებს და გადაადგილების ყველანაირ შეზღუდვას დაეთანხმება, გარდა რუსთაველის გამზირზე მისვლის აკრძალვისა.

„ერთადერთ აკრძალვას არ მივიღებდი — რუსთაველის გამზირზე მისვლის. დანარჩენი, ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ ამიკრძალოთ მისვლა ან თბილისის დატოვება ამიკრძალოთ. ვერ ვხვდები, რისთვის ვისჯებით სამშობლოსთვის გულანთებული ამდენი ადამიანი. ქვეყნის სიყვარულისთვის ვისჯებით? რუსეთი რომ არ გვინდა, მაგისთვის ვისჯებით? პუტინის დაკრულ ტაშს რომ აქედან ტაშით არ ვპასუხობთ, ამისთვის ვისჯებით? ევროპა რომ გვირჩევნია ირანს, ჩინეთს და ბნელეთს, ამიტომ ვისჯებით? თქვენ თვითონაც გეცინებათ ხოლმე ალბათ როდესაც პროკურატურის მიერ მოტანილ არგუმენტებს ხედავთ. 4-დან 6 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯით ადამიანებს ქვის ან ბოთლის ან დამრგვალებული ქაღალდის ჰაერში სროლისთვის? 6 წლის მერე ცირკში არ ვყოფილვარ და არ მეგონა, 27 წლის ასაკში თუ მომიწევდა აქ ყოფნა“, — განაცხადა კიკნაძემ.

კიკნაძეს, რომელსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედება ბრალად, თქვა, რომ არც ჯგუფურში და არც ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია.

„ეს კარგი და პატრიოტი ადამიანებიც პირველად სასამართლოზე ვნახე, იქამდე შეხებაც არ მქონია არცერთთან. 50 დაჭერილი არცერთთან მიმოწერაც არ მაქვს არასდროს, ზარიც არ მაქვს განხორციელებული, სურათიც კი არ მაქვს ვინმესთან ოდესმე. არანაირი კონტაქტი არასდროს არ მქონია. ჯგუფური ძალადობის ბრალდებაზე ალბათ მათი ერთადერთი არგუმენტი ალბათ არის: „შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს, მიზეზად ისიც კმარაო“. შეზღუდვებს რაც შეეხება, უსამართლოდ ვარ გამოკეტილი და კიდევ მე რატომ უნდა ვიხადო ფული? მაგრამ იმის გამო, რომ მშობლები ნერვიულობენ, მაქსიმუმს 2 000 ლარს გადავიხდიდი“, — განაცხადა კიკნაძემ.

თავისი სიტყვის ბოლოს რეზო კიკნაძემ იუბილარ მამას მიმართა:

„დღეს მამაჩემის დაბადების დღეა, რომელიც აქ არის. მამი, გილოცავ და ბოდიში, რომ ამ უსამშობლო და სამშობლოს გამყიდველი ადამიანების გამო აქ მოგიწია დღეს ყოფნა“.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციებზე დაკავებული 11 ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც აღკვეთის ღონისძიების გაგრძელება განიხილება.

ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს პროკურატურა სსკ 225-ე მუხლის მეორე ნაწილის ჩადენაში სდებს ბრალს, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულად წაკითხვა