პრობლემებს შორის დაასახელა სტუდენტების 85%-ის კონცენტრაცია თბილისში და „ფაკულტეტების დუბლირება“, გამოსწორების გზად კი დასახა პრინციპი: „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“.
ეს ნიშნავს „თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედი ფაკულტეტები გადანაწილებას კონკრეტულ უნივერსიტეტებზე“.
პრობლემად დაასახელა „ჭარბად მოზიდული უცხოელი სტუდენტები“ და განაცხადა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ მხოლოდ „კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში“.
კობახიძის თქმით, საჯარო განხილვების შემდეგ დოკუმენტმა უნდა მიიღოს საბოლოო სახე და დამტკიცდეს კერ სამთავრობო კომისიის, შემდეგ კი მთავრობის მიერ.
პრეზენტაციას, სხვა ლიდერებთან ერთად, ესწრებოდნენ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე და ირაკლი კობახიძის მრჩეველი განათლების საკითხებში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ყოფილი ელჩი გერმანიაში, ლევან იზორია.
#1: „ქუთაისი - მეორე კერა“
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირველი გამოწვევა არის „უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია“ - გარემოება, რომ სტუდენტების „85%-ზე მეტი განათლებას იღებს დედაქალაქში“.
ეს მან პრობლემურად დაახასიათა, მათ შორის, „მიგრაციის თვალსაზრისით“: „არსებული მდგომარეობა იწვევს ახალგაზრდების ჭარბ მიგრაციას რეგიონებიდან დედაქალაქში… ამ კუთხით არის შესაცვლელი მდგომარეობა“.
მისი თქმითვე, სხვა დიდი ქალაქები არის „არასათანადოდ დატვირთული აკადემიური ინფრასტრუქტურით“ - მაგალითებად კი ქუთაისი და რუსთავი დაასახელა.
მოგვიანებით დააზუსტა, რომ უმაღლესი განათლების სისტემის „დეკონცენტრაციის“ უზრუნველსაყოფად, უნდა შეიქმნას „ქვეყნის მეორე მთავარი საუნივერსიტეტო კერა ქალაქ ქუთაისში“.
მისი თქმით, თბილისის უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს ისე, რომ „დედაქალაქის განტვირთვას და რუსთავის განვითარებას“ შეუწყოს ხელი.
ხოლო თბილისისა და ქუთაისის უნივერსიტეტებმა უნდა მოიცვას:
- ჰუმანიტარული მეცნიერებები,
- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები,
- ტექნოლოგიები,
- ეკონომიკა,
- სამართალი,
- სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები,
- უცხო ენები,
- პედაგოგიკა,
- მედიცინა.
ასევე, „უნდა გაძლიერდეს რეგიონებში მოქმედი ხუთი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაძლებლობები, მათ შორის მათი ინფრასტრუქტურა“.
საუბარია ბათუმის, თელავის, ახალციხის, გორისა და ზუგდიდის უნივერსიტეტებზე - ისინი „უნდა ჩამოყალიბდეს პროფილურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად“.
„უნდა გაძლიერდეს საქართველოს საპატრიარქოს სასულიერო სემინარიების მხარდაჭერა“, - ნათქვამია კონცეფციაში
#2: „ფაკულტეტების დუბლირება“ და „ჭარბად მოზიდული უცხოელები“
სისტემის მეორე დიდ გამოწვევად ირაკლი კობახიძემ დაასახელა „რესურსების ირაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის უთანაბრობა“.
მაგალითად, თქვა რომ არსებობს 19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტი, რომლებიც გასცემენ თანაბარი სტატუსისა და რანგის დიპლომებს, თუმცა სწავლებაში ხარისხიც უთანასწოროა და ამ დიპლომების ხარისხიც.
იმავე კონტექსტში განაცხადა, რომ „ინფრასტრუქტურული და საკადრო რესურსებიც არ არის ოპტიმალურად გამოყენებული“ და „დედაქალაქში ხშირია ფაკულტეტების დუბლირება“.
მაგალითად დაასახელა თბილისში 4 სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი იურიდიული ფაკულტეტები:
„მაგალითად რომ ავიღოთ განვითარებული ქვეყნები, ძალიან ხანგრძლივი აკადემიური ტრადიციებით, იქაც კი უჭირთ ერთ ქალაქში ერთზე მეტ სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი და იგივე ფაკულტეტის არსებობა. ჩვენს შემთხვევაში ამას არავითარი რაციონალური გამართლება არ აქვს“, - განაცხადა მან.
ამავე გამოწვევის ერთ-ერთ განშტოებად დაასახელა ზოგიერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში „ჭარბად მოზიდული უცხოელი სტუდენტები“:
„რეალურად სახელმწიფო უნივერსიტეტების მთავარი ამოცანა უნდა იყოს სახელმწიფო ამოცანების შესრულება და ქართველი სტუდენტების მომზადება ჩვენი შრომის ბაზრისთვის. ასეთ დროს არის ცალკეული უნივერსიტეტები, რომლებიც უფრო მეტად ორიენტებული არიან მოგებაზე, რაც არის არსებითად ბიზნესის საქმე და არა სახელმწიფო სექტორის საქმე“ - თქვა მან.
ამ „პრობლემის“ გადაჭრის გზა კი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხედვით, ასეთია:
- უნდა დაინერგოს პრინციპი: „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“;
- „თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედი ფაკულტეტები უნდა გადანაწილდეს კონკრეტულ უნივერსიტეტებზე, არსებითად, მათი ტრადიციული პროფილისა და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით“;
- „სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში“;
- „საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა დაინერგოს 3+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას“.
- „უნდა დაიხვეწოს უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის სისტემა, რათა სახელმწიფომ სრულად აიღოს პასუხისმგებლობა მისი სახელით გასაცემი დიპლომების ხარისხობრივ გათანაბრებაზე“.
#3 - უსისტემო საკადრო პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის თქმით, ამჟამად ლექტორებს შორის ფუნქციების განაწილება „არ ეფუძნება რაიმე მწყობრ ლოგიკას და სისტემას“:
„უმეტეს შემთხვევაში, ლექტორები, ფაქტობრივად, არასრულ განაკვეთზე არიან დასაქმებული“ და დაბალია აკადემიური პერსონალის საშუალო ანაზღაურება.
„ქართული ოცნების“ გეგმა ითვალისწინებს საკადრო პოლიტიკის „თვისებრივად გადახედვას“:
- აკადემიური პერსონალის „ძირითად ბირთვს“ უნდა შეადგენდნენ სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორები;
- სრული პროფესორები უხელმძღვანელებენ ამა თუ იმ ფაკულტეტებზე სწავლებისა და კვლევის მიმართულებებს;
- თითოეულ მათგანთან უნდა მუშაობდეს ასევე სრულ განაკვეთზე დასაქმებული რამდენიმე ასოცირებული პროფესორი და ათზე მეტი ასისტენტპროფესორი;
- რამდენჯერმე უნდა გაიზარდოს სრულ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების შრომის ანაზღაურება.
- ყველა სხვა პედაგოგი უნივერსიტეტში უნდა საქმიანობდეს ხელშეკრულებით, საათობრივ საწყისებზე;
- უნდა განისაზღვროს დეფიციტური მიმართულებები, რომლებზეც უზრუნველყოფილი იქნება საუნივერსიტეტო სისტემაში უცხოელი ლექტორების მოზიდვა;
#4: სწავლება და კვლევა
კობახიძის თქმით, ამჟამად საქართველოს უნივერსიტეტებში სუსტი კავშირია სწავლებასა და კვლევას შორის და შეინიშნება „თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების ნაკლებობა“.
მის თანახმად, სამეცნიერო კვლევის დაფინანსების განცალკევებული სისტემა, რომელიც ახლა მოქმედებს, საუნივერსიტეტო განათლებასთან სათანადოდ არ არის დაკავშირებული;
პრობლემის გადასაჭრელად, მისი თქმით, უნდა გაძლიერდეს ქვეყანაში მოქმედი კვლევითი დაწესებულებების შესაძლებლობები.
„აუცილებელია კვლევითი საქმიანობის დაფინანსების ახალი სისტემის შექმნა, რომელიც მთლიანად იქნება ორიენტირებული უნივერსიტეტებში კვლევითი საქმიანობის განვითარებაზე და სამეცნიერო დისკუსიების ფართო გაშლაზე“, - თქვა მან.
#5: შრომის ბაზარი
კონცეფციის პროექტის თანახმად, ამჟამად არსებობს „სუსტი კავშირი უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის“.
კობახიძემ განმარტა, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღებისას კვოტების რაოდენობრივი განაწილება „არ ეფუძნება შრომის ბაზრის არსებული და პოტენციური მოთხოვნების რაიმე სიღრმისეულ ანალიზს“.
მისი თქმით, ამის შედეგია ის, რომ პრაქტიკაში გვაქვს აცდენა უნივერსიტეტების მიერ გამოშვებული სტუდენტების კვალიფიკაციასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის.
გამოსავლად დასახულია „შრომის ბაზრის ანალიზი“ - „კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე … შრომის ბაზრის სიღრმისეული ანალიზი, რომელსაც დაეფუძნება სახელმწიფო დაკვეთა უნივერსიტეტებზე კვოტების რაოდენობრივი განაწილებისას“.
#6: გაუმართავი დაფინანსება
კობახიძის თქმით, უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული საგრანტო სისტემა „გაუმართავია“ და „გადასინჯვას საჭიროებს“.
მისი თქმით, ეს სისტემა სათანადოდ არ ითვალისწინებს სხვადასხვა ფაკულტეტის განსხვავებულ ფინანსურ საჭიროებებს და არ არის ორიენტირებული უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე.
ამიტომაც, საჭიროა „სრულად უნდა გადაისინჯოს უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემა“.
„სახსრების განაწილებისას, სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული თითოეულ სპეციალობაზე სტუდენტისთვის განათლების მიწოდების საშუალო ხარჯი“, - ნათქვამია კონცეფციის პროექტში.
სხვა დეტალები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
#7: გაუმართავი ინფრასტურტურა
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სახელმწიფო უნივერსიტეტები როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში მრავლად ფლობენ შენობა-ნაგებობებს.
თუმცა, მათი დიდი ნაწილი სარეაბილიტაციოა.
ასევე, სტუდენტები არ არიან უზრუნველყოფილი ხარისხიანი და იაფი საერთო საცხოვრებლებით.
კონცეფციის პროექტი ითვალისწინებს „სრულიად ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას“ როგორც თბილისში, ისე ქუთაისში - „სრულფასოვანი საუნივერსიტეტო კერების ჩამოსაყალიბებლად“.
ის უნდა მოიცავდეს „საგანმნათლებლო და კვლევით სივრცეებს, სტუდენტების კულტურული, სპორტული და სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად განკუთვნილ ობიექტებს, ასევე ხარისხიან და ხელმისაწვდომ საერთო საცხოვრებლებს“.
„ასევე, უნდა განხორციელდეს რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება“, - წერია კონცეფციაში.