მან ტრაგედიაზე განცხადებაში არ ახსენა არც საბჭოთა არმია და არც რუსეთი, მათ სინონიმად კი გამოიყენა „უცხო ძალა“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხშირად იყენებს დასავლელი პარტნიორების მიმართ, რომლებიც მათ პოლიტიკას აკრიტიკებენ.
რატომ არ ახსნა ირაკლი კობახიძემ საკუთარ განცხადებში საბჭოთა კავშირი? - ეს კითხვა მას „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერის“ წამყვანმა, ნინო შუბლაძემ დაუსვა.
„რატომ არ იყო სიტყვა რუსული ნახსენები? - გასაგებია, რომ ეს არ იყო რუსული ჯარი, ეს იყო საბჭოთა არმია. ესენი იყვნენ საბჭოთა ჯარისკაცები. იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც 9 აპრილის დემონსტრაცია დაარბიეს და ადამიანები მოკლეს, იყვნენ რუსების გარდა სხვა საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლებიც. მათ შორის, ისეთი რესპუბლიკების წარმომადგენლებიც, რომლებიც დღეს მიიჩნევიან ცივილიზებული სამყაროს ნაწილად. იქ რუსების გარდა იყვნენ: უკრაინელები, ბალტიისპირელები, შუა აზიელები და ა.შ. - საბჭოთა კავშირი იყო...
მხოლოდ ლიბერალი შეიძლება აჰყვეს ასეთ რიტორიკას - თუ არ გაქვს შეზღუდული გონება, ასეთ რაღაცას არ აჰყვები...“ - უპასუხა ჟურნალისტს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა.
9 აპრილს, როცა ირაკლი კობახიძემ საბჭოთა არმიის ხსენების გარეშე ისაუბრა, ტრაგედიაზე, რომელიც 36 წლის წინ მოხდა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არ მისცეს ამ დღისადმი მიძღვნილ მემორიალთან მიახლოების უფლება - პროევროპულ აქციების დროს დაკავებულთა, პოლიტპატიმრებად მიჩნეულთა ოჯახის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ღამე რუსთაველზე გაათენეს.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად - ქალები. ასობით დაშავდა.
9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე, საქართველომ აღიდგინა საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეებმა ღამე გაათენეს. მათ ახლაც გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი.

1989 წლის 9 აპრილი: თბილისში დემონსტრაციის სისხლიანი დარბევა
1989 წლის გაზაფხულზე საქართველოში იმართებოდა დემონსტრაციები საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით. დემონსტრაციებმა კულმინაციას მიაღწია აპრილის დასაწყისში თბილისში, სადაც რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა ათასობით ადამიანი, მათ შორის შიმშილობის აქციის მონაწილეები. 9 აპრილს საბჭოთა სამხედრო ძალებმა სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი აქცია, დახოცეს, სულ ცოტა, 20 დემონსტრანტი. დაიჭრა ან მხუთავი გაზით მოიწამლა ასობით ადამიანი. თბილისში დემონსტრაციის სისხლიანი დარბევა მიჩნეულია შემოტრიალების წერტილად საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდში.