“ეს არის გზა, რომლითაც მასთან კავშირს ვაგრძელებ” …

2 days ago 11

ეს არ არის უბრალოდ ფოტოგამოფენა

ეს გამოფენა არის ამბავი გოგონაზე, რომელიც წარმავალ წუთებს ფოტოებში აცოცხლებდა და ულამაზეს კადრებს ქმნიდა… მის ფოტოებს საოცარი სიმშვიდე მოაქვთ.

ეს გამოფენა არის ამბავი  გოგონაზე, რომლის ფაქიზი გული მთელი ცხოვრება სიცოცხლისთვის იბრძოდა… და ამ მებრძოლი გულით ირგვლივ უამრავ სიყვარულს ავრცელებდა…

ეს გამოფენა არის ამბავი გოგონაზე, რომლის გულისცემაც მაშინ შეჩერდა, როცა თავადაც სიყვარულით ბედნიერს ყველაზე ძალიან სურდა სიცოცხლე…

ანგელოზივით სიფრიფანა, თბილი და კეთილი ღიმილით, – ასეთი  დარჩა ბევრის მეხსიერებას … და მეც, ყოველ გახსენებაზე ამ ღიმილით სავსე სახეს ვხედავ… თამთუკაა, ეს სახეზე ღიმილგადაფენილი გოგონა, ეს კი მისი ფოტოგამოფენაა, დედის უსაზღვრო სიყვარულის ამბავი, რომელმაც შვილის თვალებით დანახული სამყარო გაგვიზიარა… ამ ფოტოებით შექმნა ხიდი თავის შვილამდე და აქცია მადლიერების გზად, ტკივილიდან სინათლემდე…  

ქეთი ჩიქოვანი: ეს გამოფენა ჩემთვის არის სიყვარულის, ტკივილის და მადლიერების შეხვედრის ადგილი. ადგილი, სადაც ისევ ვგრძნობ თამთუკას არსებობას,  მის სუნთქვას, მის სითბოს, მის შინაგან სინათლეს. ეს არის გზა, რომლითაც მასთან კავშირს ვაგრძელებ.

– ქეთი, როგორ გადაიქცა ტკივილი იმ ძალად, რომელმაც ეს გამოფენა შეგაქმნევინა?
– ტკივილი… მოუშუშებელი ტკივილი… თუმცა,  სიყვარული და მადლიერება იმდენი დამიტოვა რომ მომცა ძალა და  შემაქმნევინა ეს გამოფენა – ,,ჩემი თვალით დანახული სამყარო’’…

– თვითონ რას იტყოდა ამ გამოფენის შესახებ?
– ყოველთვის გამოვხატავდი აღფრთოვანებას მის გადაღებულ კადრებზე და სულ ვეუბნებოდი, – ერთხელ ეს ყველა ფოტო ამოვბეჭდოთ და გამოფენა გავაკეთოთ… გამიღიმებდა თბილი ღიმილით და თავდამბლურად მპასუხობდა  – კარგი რა დე, რა გამოფენა… პირველ კლასში იყო ციფრული აპარატი რომ ვაჩუქეთ. ძალიან მოსწონდა ეს საქმე და ჩვენც ხელს ვუწყობდით… დარწმუნებული ვარ ახლა ამაყია და მადლიერი …

ვმადლობ უფალს, რომ ასეთი ნიჭით დაჯილდოებული თამთუკა მაჩუქა, ან მათხოვა და ახლა დაიბრუნა. თამთა დაბრუნდა სახლში(უფალთან), ასეთი განცდა მაქვს და ჩვენ დაგვიტოვა სიყვარულით გაჟღენთილი მოგონებები და ფოტოები. ამ ფოტოებში ვპოულობ სიმშვიდეს. თითქოს მათში ჩაწერილია მისი მზერა და ენერგია, რომელიც მაბრუნებს აქ და ახლა…

– ერთხელ საუბარში თქვი, რომ თამთუკა იყო შენი მასწავლებელი. რა გასწავლა და რას გასწავლის დღემდე შენი შვილი?
– თამთუკამ მასწავლა… უჰ ბევრი რამ, მთავარი სიყვარული. მასწავლა, რომ სილამაზე ხშირად ტკივილის შიგნით იმალება. მასწავლა მიღება და მადლიერება  იმისთვის, რაც იყო და რაც დარჩა. მასწავლა, რომ სამყაროს ყოველთვის უნდა უყურო გულით.

როგორ ფიქრობ, აქ მოსული ადამიანები რას გაიყოლებენ ამ გამოფენიდან?

– მინდა, რომ თითოეულმა ადამიანმა აქედან წაიღოს სითბო და სიყვარული. თამთუკას შეეძლო დიდი სიყვარული და ყველას გულში დატოვა მისი წილი  ნაპერწკალი. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანი  დაფიქრდება  მის სიცოცხლეზე, დროის ფრთხილ სვლაზე, ურთიერთობებზე. მინდა იგრძნონ, რომ სინათლე ყოველთვის რჩება, მაშინაც კი, როცა ადამიანი შორს მიდის.

ეს გამოფენა მხოლოდ დასაწყისია. წინ გველოდება ,,თამარის ბაღი’’, უფალმა შეგვაძლებინოს და გვაქვს საინტერესო გეგმები და იდეები, რომლებსაც ნელ-ნელა გაგაცნობთ. ასე თამთუკას სული და მისი სიყვარული გააგრძელებს ცხოვრებას.

…ყველა ჩართულია თამთუკას ამბებში, ყველას დიდი სურვილი აქვს სამომავლოდაც მიიღოს მონაწილეობა … მადლიერი ვარ თითოეულის, რომ ეს დღე ერთად შევქმენით…

სრულად წაკითხვა