WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სარეცხი მანქანა ის საყოფაცხოვრებო ტექნიკაა, რომელსაც ყოველდღიურად ან კვირაში რამდენჯერმე ვიყენებთ და ხშირად გვგონია, რომ მისი მოვლა მხოლოდ ფილტრის გაწმენდას ან მანქანის დროდადრო წმენდას გულისხმობს. სინამდვილეში, რამდენიმე ჩვეულებრივმა ჩვევამ შეიძლება მოწყობილობის ცვეთას და, საბოლოოდ, სერიოზულ დაზიანებას შეუწყოს ხელი.

ექსპერტმა ენდრიუ რაიტმა The Sun-თან იმ გავრცელებულ შეცდომებზე ისაუბრა, რომლებიც სარეცხი მანქანის მუშაობას აუარესებს. მისი თქმით, თუ ამ შეცდომებს თავიდან აიცილებთ, შეგიძლიათ მოწყობილობის ექსპლუატაციის ვადა მნიშვნელოვნად გაახანგრძლივოთ.

1. ნუ გადატვირთავთ დოლურას

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა სარეცხი მანქანის ზედმეტად დატვირთვაა. როცა დოლურაში იმაზე მეტ ტანსაცმელს ვათავსებთ, ვიდრე კონკრეტული პროგრამა და მოწყობილობის ტევადობა ითვალისწინებს, ძრავსა და საკისრებს მეტი დატვირთვის გაძლება უწევთ.

გარდა ამისა, ზედმეტად დატვირთულ დოლურაში ტანსაცმელს თავისუფლად მოძრაობის საშუალება აღარ აქვს. შედეგად, რეცხვის ხარისხიც შეიძლება გაუარესდეს – სარეცხი საშუალება და წყალი ქსოვილებში სათანადოდ ვერ ნაწილდება.

რაიტის რეკომენდაციით, ჩვეულებრივი რეცხვისას დოლურა დაახლოებით 75%-ით უნდა იყოს შევსებული. ზედა ნაწილში იმდენი თავისუფალი ადგილი უნდა დარჩეს, ხელი თავისუფლად თავსდებოდეს.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძიმე ნივთების – პირსახოცების, თეთრეულის, ხალიჩების ან სქელი ტანსაცმლის რეცხვისას. მათი წონა წყლის შეწოვის შემდეგ კიდევ უფრო იზრდება და დატვირთვაც შესაბამისად მატულობს.

2. მეტი სარეცხი საშუალება უკეთეს შედეგს არ ნიშნავს

სარეცხი ფხვნილის ან სითხის დიდი რაოდენობით გამოყენება კიდევ ერთი ჩვევაა, რომელმაც შესაძლოა მანქანას უფრო მეტად ავნოს, ვიდრე დაეხმაროს.

ჭარბი სარეცხი საშუალება ყოველთვის უკეთეს რეცხვას არ ნიშნავს. მისი ნარჩენები შეიძლება დარჩეს დოლურაში, რეზინის მანჟეტზე, მილებსა და სარეცხი საშუალების უჯრაში. დროთა განმავლობაში იქ ნესტთან ერთად შეიძლება უსიამოვნო სუნი და ობი გაჩნდეს.

ამიტომ ჯობია სარეცხი საშუალება ტანსაცმლის რაოდენობის, დაბინძურების ხარისხისა და კონკრეტული პროდუქტის ინსტრუქციის შესაბამისად გამოვიყენოთ.

3. რეცხვის შემდეგ კარსა და უჯრას ნუ დაკეტავთ

სარეცხი მანქანის გამოყენების შემდეგ კარისა და სარეცხი საშუალების უჯრის მუდმივად დახურული დატოვებაც არასასურველია.

დოლურასა და რეზინის მანჟეტში რეცხვის დასრულების შემდეგ გარკვეული რაოდენობის წყალი და ტენი მაინც რჩება. თუ მანქანას მაშინვე მჭიდროდ დახურავთ, ტენიანი გარემო დიდხანს შენარჩუნდება, რაც ობისა და უსიამოვნო სუნის წარმოქმნას უწყობს ხელს.

ამიტომ რეცხვის შემდეგ სასურველია კარი და სარეცხი საშუალების უჯრა გარკვეული დროით ღია დატოვოთ, რათა შიგნით არსებული ტენი აორთქლდეს. პერიოდულად ასევე ღირს რეზინის მანჟეტის გაწმენდა და მის ნაკეცებში დაგროვილი წყლის მოცილება.

კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ სარეცხი მანქანის გასახანგრძლივებლად?

ექსპერტი რამდენიმე მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან წესსაც გვთავაზობს.

ერთ-ერთი მათგანია ფილტრის რეგულარული გაწმენდა. მასში შეიძლება დაგროვდეს ბუსუსები, თმა, მონეტები და სხვა პატარა ნივთები, რომლებიც ტანსაცმლის ჯიბეებიდან შემთხვევით ხვდება მანქანაში. დაბინძურებულმა ფილტრმა დროთა განმავლობაში შეიძლება წყლის გადინების პრობლემა გამოიწვიოს.

ასევე, მნიშვნელოვანია ტანსაცმლის ეტიკეტების ყურადღებით წაკითხვა. სხვადასხვა ქსოვილს განსხვავებული ტემპერატურა, ბრუნვის სიჩქარე და რეცხვის რეჟიმი სჭირდება. არასწორი პროგრამის გამოყენებით შეიძლება თავად ტანსაცმელიც დააზიანოთ და მანქანაც ზედმეტად დატვირთოთ.

კიდევ ერთი რეკომენდაციაა თვეში ერთხელ ცარიელი რეცხვის ციკლის გაშვება. ექსპერტის რჩევით, ამისთვის შეიძლება 60-90 გრადუსი ტემპერატურის პროგრამის გამოყენება, თუმცა კონკრეტული მანქანის მწარმოებლის ინსტრუქციაც უნდა გაითვალისწინოთ. მაღალი ტემპერატურის ციკლი ხელს უწყობს შიდა ნაწილებში დაგროვილი ნარჩენებისა და უსიამოვნო სუნის გამომწვევი მიკროორგანიზმების შემცირებას.

სარეცხი მანქანის ხანგრძლივი და გამართული მუშაობისთვის მთავარი მაინც ყოველდღიური ჩვევებია: არ გადატვირთოთ დოლურა, არ გამოიყენოთ ზედმეტი სარეცხი საშუალება და რეცხვის შემდეგ მანქანას გაშრობის საშუალება მივცეთ.

ეს წესები დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, სამაგიეროდ, შეიძლება თავიდან აგვაცილოს როგორც უსიამოვნო სუნი და ობი, ისე შეკეთების საჭიროება, რაც, მოგეხსენებათ, საკმაოდ ძვირია.

ბონუს-რჩევა: თვეში ერთხელ 5 წუთი დაუთმეთ პროფილაქტიკას

სარეცხი მანქანის მოვლისთვის თვეში ერთხელ ცარიელი რეცხვის ციკლის გაშვებაც კარგია. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური საშუალება სარეცხი მანქანის გასაწმენდად და გაუშვათ შესაბამისი პროგრამა 60°C-ზე, ტანსაცმლის გარეშე.

თუ მანქანის მწარმოებელი უშვებს ლიმონმჟავას გამოყენებას, მცირე რაოდენობით ლიმონმჟავა ხელს უწყობს კირქვის ნადების დაშლას. თუმცა დოზა და გამოყენების წესი კონკრეტული მოდელის ინსტრუქციას უნდა შეესაბამებოდეს. ზოგი გვირჩევს, სოდა და ლიმონმჟავა ერთად გამოვიყენოთ, თუმცა ეს არ გააკეთოთ, რადგან სოდასა და ლიმონმჟავას შორის ქიმიური რეაქცია ერთმანეთის ეფექტს ამცირებს.

ამ მარტივ პროფილაქტიკას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, სამაგიეროდ თქვენი სარეცხი მანქანა უფრო დიდხანს მოგემსახურებათ.

კირა კარიაული

ამავე თემაზე: რატომ უნდა ჩაასხათ სუფრის ძმარი სარეცხ მანქანაში რეცხვისას – ის, რაც აქამდე არ იცოდით