WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ეხმაურება თავისი თანაგუნდელის, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას.

კობახიძემ მდინარაძეს მადლობა გადაუხადა „მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე და დამსახურებისთვის გუნდის წინაშე“, შემდეგ კი თქვა:

„ჩვენთვის სამწუხაროა ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო. ჩვენ გვქონდა შეხვედრა გუშინ, ასევე დღეს, მათ შორის გვქონდა კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან“.

რაჭაში მყოფმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა: „ეს იყო მისი გადაწყვეტილება. ჩვენ ვცადეთ, ის დაგვერწმუნებინა საპირისპირო გადაწყვეტილებაში, თუმცა, მას მყარი პოზიცია ჰქონდა ჩამოყალიბებული“.

კობახიძემ ისიც თქვა, რომ მდინარაძე დაიღალა და მის „ფსიქოლოგიურ სტრესს“ გუნდშ გაგებით მოეკიდნენ:

„გეგმები იცვლება ხოლმე... მისი დამოკიდებულება და პოზიცია იყო, რომ დამღლელი არის გარკვეულწილად ის საქმიანობა, რომელშიც ჩვენ ყველანი ვართ ჩართულნი. არ ვგულისხმობს ფიზიკურ დაღლას, რა თქმა უნდა, ვგულისხმობს ფსიქოლოგიურ სტრესს, რომელიც არის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული. და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გაგებით მოვეკიდეთ“, - განაცხადა მან.

„აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის, არის ბევრ სტრესთან დაკავშირებული ის, რასაც ჰქვია პოლიტიკური საქმიანობა. ანგარიში გავუწიეთ და გავიზიარეთ“, - დასძინა მან.

მდინარაძის განცხადება

პოლიტიკიდან წასული მდინარაძე უარყოფს, რომ მისი გადადგომა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება და კვლავ ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილისთვის წერილი არ გაუგზავნია:

„არავისთვის არასდროს გამიგზავნია წერილი. პირდაპირ გეუბნებით, მსგავსი საკითხებით მე არასდროს ვყოფილვარ დაკავებული“.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ 27 აგვისტოს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.

„ჩემი გადადგომა ნამდვილად ჩემი ინიცირებული იყო“, - თქვა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი განცხადებით, გუშინ, 26 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, ხოლო დღეს, 27 აგვისტოს დილით - პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსა და კობახიძეს ერთად.

„მირჩევნია გავიწიო“, „ჩემთვის ასე სჯობდა“, - მდინარაძე ამტკიცებს, რომ ამაში კობახიძე და ივანიშვილი დაარწმუნა.

„ჩემი პოზიცია დღეს არ იყო ისეთი, რომ შემცვლელი ვერ გამოეძებნათ“, - თქვა მდინარაძემ მთავრობაში რეგიონული განვითარების მიმართულებაზე - „რომ მეფიქრა, გუნდში არავინაა, ვინც ჩემს გარდა რეგიონებს მიხედავს, ნამდვილად არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას“.