ესტონეთის მთავრობა 2026 წლის 1 იანვრიდან აკრძალვას დააწესებს რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტსა და შესყიდვაზე.
ესტონეთმა ჯერ კიდევ 2022 წელს თქვა უარი რუსეთის გაზზე, მაგრამ რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის შესყიდვა და იმპორტი დაუშვა იმ პირობით, რომ ის გამანაწილებელ ქსელში არ გამოიყენებოდა. „გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ იმპორტის აკრძალვა გავრცელდება გამანაწილებელი ქსელის გარეთ იმპორტირებულ გათხევადებულ ბუნებრივ აირზეც“, განმარტა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.
აღნიშნავენ, რომ რუსეთიდან იმპორტის მოცულობა მცირეა, ამიტომ შეზღუდვები მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს ეკონომიკასა და ბიზნესზე.
ცაჰკნამ აღნიშნა, რომ რუსეთს არ შეუცვლია თავისი ამბიციები, აგრძელებს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას და ძირს უთხრის გლობალურ უსაფრთხოებას. „ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისთვის აგრესიის საფასურის გაზრდას და გზების ძიებას, რათა შევამციროთ შემოსავლები, რომლებითაც რუსეთი თავის საომარ მანქანას კვებავს“, აღნიშნა მან.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსული გაზის გარდა შეწყვიტეს რუსეთისგან ელექტროენერგიის შეძენა, თუმცა მათი ელექტროქსელები რუსეთთან და ბელარუსთან დაკავშირებული დარჩა. 2025 წლის თებერვალში ბალტიისპირეთის ქვეყნები კონტინენტური ევროპის ერთიან ელექტროქსელს შეუერთდნენ.