„იმისათვის, რომ არ დარჩეს არავითარი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის შესახებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 6 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე.
მისი განცახდებითვე, ეუთო/ოდირს მოსაწვევი უკვე ოფიციალურად გაეგზავნა.
„ვიმედოვნებთ, რომ მრავალჯერადი შეურაცხყოფისა და ზეწოლის მიუხედავად, ეუთო/ოდირი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე თქვა, რომ მისიის მოწვევით, ხელისუფლება ორგანიზაციას „სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს“, რადგან იგი „ზეწოლას განიცდის“.
მოესწრება თუ არა?
სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის ვადებთან და შესაძლო ლიმიტებთან დასმულ კითხვაზე პასუხად კობახიძემ განაცხადა, რომ „არჩევნებამდე არის ოთხი კვირა“ და ეუთოს ამ დროში შეუძლია, დააკომპლექტოს მისია.
არჩევნები 4 ოქტომბერსაა დანიშნული. კობახიძემ ეს განცხადება 6 სექტემბერს გააკეთა.
- ჩვეულებრივ, ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებლები არჩევნების დღემდე 6-8 კვირით ადრე იწყებენ მისიას - რაც მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდში პროცესის ორგანიზების და სხვა დეტალების დაკვირვებას.
- არჩევნების დღის სიახლოვეს ჩამოდიან მოკლევადიანი დამკვირვებლები.
მოწვევაზე ეუთო/ოდირის პასუხი ჯერ უცნობია. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ორგანიზაციას კომენტარის თხოვნით.
მანამდე, ივლისში, - იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა სადამკვირვებლო მისიის მოწვევას არ გეგმავდა, - ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისი გამოხატავდა მზადყოფნას, არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია გამოეგზავნა.
7 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ODIHR-ი „სინანულს გამოთქვამდა საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული განზრახვის გამო, არ მოიწვიოს ეუთო/ოდირი მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც გადახვევაა საქართველოს მიერ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დამკვიდრებული და თანმიმდევრული პრაქტიკიდან“.
„ზეწოლა“
„ოდირი არაერთხელ იქცა რადიკალური ოპოზიციისა და მისი უცხოელი პატრონების თავდასხმის ობიექტად. მათ შორის ეუთო ოდირის შარშანდელი დასკვნის მიმართ უხეში უპატივცემულობა ევროპელმა და ყოფილმა ამერიკელმა ბიუროკრატებმაც გამოხატეს“, - თქვა კობახიძემ.
„ჩვენ გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაცხადებდით, რომ დაუყოვნებლივ მოვიწვევდით ეუთო/ოდირის მისიას, თუ რადიკალური ოპოზიცია და მისი უცხოელი პატრონები ეუთო/ოდირის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნის მიმართ პატივისცემას ახლა მაინც დაადასტურებდნენ“, - განაცხადა მან.
„ევროპული ბიუროკრატიის ამგვარი მიდგომის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ წელს ეუთოდირის მისიაზე განხორციელდება კიდევ უფრო მძიმე ზეწოლა, ვიდრე ამის მომსწრე შარშან გავხდით“, - დასძინა მან. თუმცა, როგორც განაცხადა, მისია ამ რისკის მიუხედავად მაინც მოიწვიეს.
კობახიძემ ასევე თქვა, რომ ხელისუფლება ელოდა არჩევნებში რეგისტრაციის ვადის ამოწურვას: „ეს მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ გვქონოდა სრული სურათი. დავინახეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებს რადიკალური ოპოზიციის ორი წარმომადგენელი“, - თქვა კობახიძემ.
5 სექტემბერს მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა პატიმრობაში მყოფი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, - „ლელოს“ დამფუძნებლები და ლიდერები.
შეწყალების აქტი მათ შეაფასეს „დაპირისპირებისა“ და „შავი პიარისთვის“ გამიზნულ ნაბიჯად.
ამასთან, ხაზარაძის სიტყვებით, არ იცვლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.