ბორტნიკოვი ამ განცხადებებით გამოვიდა დსთ-ის სახელმწიფოთა სპეცსამსახურების ხელმძღვანელების შეხვედრაზე.
კერძოდ, ბორტნიკოვი აცხადებს, რომ ბრიტანეთის სპეცსამსახურები ზედამხედველობას უწევდნენ უკრაინის უშიშროების სამსახურის ოპერაცია "ობობას ქსელს", რომლის შედეგადაც ივნისის დასაწყისში რამდენიმე აეროდრომზე განადგურდა ან დაზიანდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები. "ასევე ინგლისელებმა უზრუნველყვეს შემდგომი პროპაგანდისტული თანხლება, მედიასაშუალებებში ყალბი ცნობების შეტანით თითქოს უზარმაზარ ზიანზე და დივერსიის მხოლოდ და მხოლოდ უკრაინულ 'ავტორობაზე'" - ირწმუნება ბორტნიკოვი.
ეფესბეს ხელმძღვანელის ვერსიით, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა, MI-6, უკრაინის სპეცსამსახურებთან ერთად გეგმავს თავდასხმებს ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ობიექტებზე. ბორტნიკოვი ასევე აცხადებს, რომ სწორედ დიდი ბრიტანეთი აგულიანებს ევროკავშირს რუსეთთან შეიარაღებული დაპირისპირებისკენ.
ბორტნიკოვს არანაირი მტკიცებულება არ მოუტანია თავისი განცხადებების გასამყარებლად. აშშ-ის მიმართ ბრალდება მას არ გამოუთქვამს, თუმცა ეფესბეს დირექტორმა ნატო მთლიანობაში დაადანაშაულა ევროპის თავზე დრონებით ფრენების ორგანიზებაში, საიმისოდ, რომ ამაში რუსეთს დასდონ ბრალი.
დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს უკრაინას იქ შეჭრილ რუსეთის ძალებთან ომში, მათ შორის იარაღის მიწოდების, სამხედროთა წვრთნის და ინფორმაციის მიწოდების გზებით. ოპერაციებში დიდი ბრიტანეთის ძალების პირდაპირ მონაწილეობას კიევიც და ლონდონიც უარყოფენ.
დიდმა ბრიტანეთმა ახლახან სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა რუსეთს - სიაში მოხვდნენ უმსხვილესი ნავთობკომპანიები "როსნეფტი" და "ლუკოილი".