მსახიობმა კობა ბარათელმა ჟურნალ “თბილისელებს” ინტერვიუ მისცა, სადაც პირადი ცხოვრების უცნობ მხარეებზე ისაუბრა და გაიხსენა ცხოვრების სახალისო ისტორიები.
ამონარიდი ინტერვიუდან:
“წარსულიდან თქვენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად რას მიიჩნევთ?
პურის შეყვარება. იმ ასაკში რომ დამაბრუნა, როცა ეს მოხდა, აღარ შევიყვარებდი და ასე აღარ გავსუქდებოდი. პურს როცა არ ვჭამ, წონაში ვიკლებ, აღარც შაქარი მაწუხებს, მაგრამ ამ სიყვარულს ვერაფერს ვუხერხებ. ისე მიყვარს, პურსაც კი პურს ვაყოლებ. ხანდახან თვეები ისე გავა, რომ პურს საერთოდ არ შევჭამ, მაგრამ ენდოკრინოლოგი მეუბნება, მასეც არ შეიძლება, ერთი ნაჭერი ჭამეო და ერთ ნაჭერზე ვერ ვჩერდები. მაშინ ჩამსვით გალიაში, გამომკეტეთ ჭამის დრო მომეცით ერთი ნაჭერი პური და ჭამის სურვილი რომ გადამივლის, მერე გამომიშვით. აბა, წინ რომ პური მიდევს და ერთი ნაჭრის შეჭმის შემდეგ კიდევ რომ მინდა, რა ვქნა?! მირჩევნია, საერთოდ არ ვჭამო და ძირითადად, არც ვჭამ, რომ მეტი არ მომინდეს. პური ბებიამ შემაყვარა. ვინც სამამულო ომისდროინდელი გაჭირვება საკუთარ თავზე გამოცადა, სხვანაირი მიდგომები ჰქონდათ. ბებია მეტყოდა, სუფრაზე რომ დაჯდები, საჭამანდი ცოტა ჭამე, რომ სტუმარს შეხვდეს და შენ კი მეტი პური ჭამე, რომ გაძღეო. ეს ისე გამიჯდა გონებაში, რომ პურის ჭამა ჯერ ჩვევაში გადამეზარდა და მერე ძალიან შემიყვარდა. მაშინ დავიწყე წონაში მომატება, თორემ მესამე კლასამდე მიქელანჯელოს დავითივით ვიყავი.
სახალისო ამბავი თუ გადაგხდენიათ პაემანზე?
ერთ გოგოს ქუთაისის თეატრთან დავუნიშნე შეხვედრა. მაშინ არც მობილური არსებობდა და სხვას დავაბარე, 7-ის ნახევარზე გელოდები-თქო. ველოდები, უკვე შვიდი ხდება. ჯიბეში ათი მანეთი მიდევს, ყავაზე დავპატიჟებ-მეთქი. ჩემმა კურსელმა გამოიარა, რას აკეთებო, მეკითხება. ვუთხარი, მერე რას აპირებო? ვაცდი კიდე ორი წუთი და თუ არ მოვიდა, არას ჩავუწერ ჟურნალში და მე და შენ ამ ფულით ჩებურეკები ვჭამოთ–მეთქი. არ მოვიდა და ასეც მოვიქეცით (იცინის).– ოდესმე სისასტიკე გამოგივლენიათ?– ბავშვობაში ჩავიდინე სისასტიკე. ორგანიზატორი არ ვყოფილვარ, მაგრამ უფროს ბიჭებს ავყევი. კატის კნუტები ვაწამეთ. მაშინ ცრურწმენები იყო, კატა ეშმაკისეულია და ასე შემდეგ. პირადად მე ფიზიკურად არ მიმიღია მონაწილეობა მათ წამებაში, მაგრამ მოწმე ვიყავი. ხომ შემეძლო, წინააღმდეგობა გამეწია?! ახლაც, 55 წლის ვარ და რომ მახსენდება ეგ ამბავი, ცუდად ვხდები. მგონია, როცა იქნება, იმქვეყნად პირველ ცოდვად ამას მომკითხავენ.
რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდი გამარჯვებად და მარცხად?
ჩემს ყველაზე დიდ გამარჯვებად ჩემი შვილები მიმაჩნია. ორი შვილი მყავს, ობიექტურად ვამბობ, რომ ძალიან კარგები არიან. ჩემი აზრით, სწორად მოაზროვნე ადამიანები არიან. ზოგადად, ამქვეყნად შვილებზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.მარცხი ის არის, რომ მთელი ცხოვრებაა მსუქანი ვარ და დიეტაზე, რომ პურის სიყვარული ვერ დავამარცხე. ექიმმა პირველად რომ მითხრა, პური არ ჭამოო, ორი თვის მერე მივედი და რა არის ეს, რა დღეში გაქვს შაქარი, ხომ გითხარი, პური არ ჭამოო?! არ ვჭამ-მეთქი. აბა, ეს რა არისო. არ ვიცი, პურს არ ვჭამ, ხაჭაპურს და ლობიანს კი-მეთქი. ოღონდ არ მიხუმრია, გულუბრყვილოდ ვუთხარი. იმან სიცილი დაიწყო. ჩათვალა, რადგან იუმორთან მაქვს კავშირი ხუმრობით ვეუბნებოდი. ამ დროს მე მართლა სერიოზულად აღვიქვი, რაც მითხრა. მეგონა, მარტო პური ასეუქებდა. ხაჭაპური და ლობიანიც თუ ასუქებდა, ეს იმ პერიოდში არ მეგონა. ახლა უკვე იმდენ რამეში ვარ გარკვეული, ბარეორი აკადემიკოსი არ იქნება” - ნათქვამია ინტერვიუში.