WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე დაკავებულმა მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ და მისმა ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს. მათ აღიარებითი ჩვენებისა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების შედეგად სასჯელი 14 თვემდე შეუმცირდათ.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენება მისცეს.

გამოძიების თანახმად, ბურჭულაძის ჩვენებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ჩადენილი დანაშაული

  • ბურჭულაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.
  • ვასილ მხეიძე - დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში დახმარებასა და ზეგავლენით ვაჭრობაში;
  • გიორგი ხაინდრავა სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში.

საპროცესო შეთანხმების პირობები

ჯუანშერ ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის საპატიმროში, 2 წელი კი ჩაეთვლება პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მას ასევე დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა სხვადასხვა სახის ქონება.

ვასილ მხეიძეს 4 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მას ასევე დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები - რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, ასევე თუთუნი.

გიორგი ხაინდრავას მიესაჯა 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.