ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას - საფრანგეთის საელჩო 9 აპრილზე

1 week ago 10

9 აპრილის წინა საღამოს საფრანგეთის საელჩო საქართველოში მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს, რომლებიც ისწრაფვიან დამოუკიდებლოსკენ, დემოკრატიისკენ და ევროპისაკენ.

„ეროვნული ერთიანობის დღის წინა საღამოს, საფრანგეთი პატივს მიაგებს იმ ქართველი ქალებისა და კაცების ხსოვნას, რომლებიც საბჭოთა არმიამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამო, 1989 წლის 9 აპრილს იმსხვერპლა“, - წერია საფრანგეთის საელჩოს მიერ 8 აპრილს, საღამოს საათებში ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„საფრანგეთი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპისკენ მის სწრაფვაში“, - აცხადებს საელჩო.

საფრანგეთის ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა „ქართული ოცნების“ მთავრობას, „შეწყვიტონ რეპრესიები და მოუსმინონ საზოგადოებას“.

2024 წლის 11 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს დაურეკა და ერთი საათის განმავლობაში ესაუბრა.

ამ საუბრისას პრეზიდენტმა მაკრონმა „დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ისევე, როგორც სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ“.

2025 წლის 6 იანვარს კი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის საგარეო ჩარევასა და ამ კონტექსტში საქართველოში საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციაზე ისაუბრა.

დღეს, 2025 წლის 8 აპრილს, „ქართული ოცნების“ მთავრობის საწინააღმდეგო უწყვეტი საპროტესტო დემონსტრაციების 132-ე დღეს თბილისში გაიმართა „მედიის სოლიდარობის მარში“.

დღესვე დაგეგმილია 9 აპრილის მემორიალთან ღამისთევა.

ღამისთევის ერთ-ერთი ორგანიზატორია პროევროპული აქციებისას დაკავებულების მშობლებისა და ოჯახის წევრების მიერ შექმნილი ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის“.

სრულად წაკითხვა