„ვაზიანის აეროპორტით დაინტერესდნენ“ - კობახიძის ვიზიტი სინგაპურში

2 hours ago 3

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სინგაპურში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სინგაპურის „მთავარი აეროპორტის მმართველი გუნდი“ ვაზიანის აეროპორტის პროექტით დაინტერესდა.

კობახიძე სინგაპურში

ირაკლი კობახიძე 21 ივლისს სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა სინგაპურში.

ვიზიტის ფარგლებში, 22 ივლისს, იგი შეხვდა სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს, ასევე პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს. დაგეგმილია შეხვედრა სინგაპურის პარლამენტის სპიკერ სია კიან პენგთანაც.

პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგთან შეხვედრისას, კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, ლიდერებმა „ორი ქვეყნის მრავალწლიან ნაყოფიერ ურთიერთობებზე“ ისაუბრეს და აღნიშნეს „ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა“.

„შეხვედრაზე ლიდერებმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით კავშირების გაღრმავების პოტენციალი“, - განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

ტრადიციულად, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა თავის როლს „ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაში“.

ირაკლი კობახიძესთან ერთად სინგაპურში გაემგზავრნენ ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, მარიამ ქვრივიშვილი და მაკა ბოჭორიშვილი; ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

ისინი შეხვდნენ „30-მდე ფინტექ კომპანიის“ წარმომადგენლებსაც, - მრგვალი მაგიდის ფორმატში და კობახიძემ აქაც ისაუბრა „საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე და ქვეყნის განსაკუთრებულ როლზე დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში“.

მან ასევე „ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ მეგობრულ ბიზნესგარემოს, ლიბერალურ საგადასახადო სისტემას, პროგნოზირებად საკანონმდებლო ჩარჩოს და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას“, რაც დაახასიათა, როგორც „ხელსაყრელი პირობები გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის“.

„დაინტერესება ვაზიანის აეროპორტით“

კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, შეხვდა სინგაპურული Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ განს შეხვდა.

ეს აეროპორტი აზიის ერთ-ერთი უდიდესი სატრანსპორტო ცენტრია, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტი.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის სწრაფი ზრდის დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ქვეყანაში დღეს 80-მდე ავიაკომპანია ოპერირებს და რეისებს ასრულებს მსოფლიოს 140-ზე მეტი მიმართულებით“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ამავე წყაროს თანახმად, კობახიძემ „ისაუბრა საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიაზე და იმ მსხვილ ინვესტიციებზე, რომლებსაც მთავრობა, მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების ინფრასტრუქტურის განვითარებაში ახორციელებს“.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, მათ ისაუბრეს:

  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობების გაფართოებაზე
  • და ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე, - „რომელიც 20 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი და გააძლიერებს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული ჰაბის როლს“.

ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა:

„განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ ჩვენი ახალი აეროპორტის, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მოექცა ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში“.

მისი თქმით, კომპანიის წარმომადგენლებმა „ფაქტობრივად, შეხვედრის მსვლელობისას დაგვიდასტურეს ძალიან დიდი ინტერესი, რომ მიიღონ მონაწილეობა იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა გამოაცხადებს პარტნიორი კომპანიის შერჩევისას“.

Changi Airports International-ი, - ვის აღმასრულებელ დირექტორსაც ხელისუფლება შეხვდა, - არის Changi Airport Group-ის, - სახელმწიფო კომპანიის, - შვილობილი ფირმა. CAG-ი კი სინგაპურის სახელმწიფო კომპანიაა.

  • საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტი აქვს;
  • მათგან ორს, ბათუმისა და თბილისის აეროპორტებს, „ტავ ურბან საქართველო“ მართავს.
  • სახელმწიფოსთან 2005 წელს გაფორმებული კონტრაქტით, ამ უფლებას კომპანია 2027 წლამდე ფლობს.
  • ახალი აეროპორტი, რომლის აშენებაზეც „ქართული ოცნება“ ბოლო ორი წელია საუბრობს, თბილისის გარეუბანში, ვაზიანში უნდა აშენდეს.
  • იქვე მდებარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი და კარგად აღჭურვილი მრავალპროფილური სამხედრო ბაზა და ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ბაზაც, რომელიც არაერთხელ გამხდარა რუსეთის უკმაყოფილების საბაბი.
  • თუმცა „ტავთან“ არსებული ხელშეკრულებით, არ შეიძლება, რომ თბილისის აეროპორტიდან 150 კილომეტრის რადიუსში საერთაშორისო აეროპორტი აშენდეს. GOOGLE MAP-ის მიხედვით კი, თბილისის აეროპორტიდან ვაზიანის ყოფილ აეროდრომამდე დაახლოებით 15 კილომეტრია.
  • 2026 წლის 13 ივლისს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო“.
სრულად წაკითხვა