ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ კიდევ ერთხელ აირჩიეს

1 week ago 14

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. კენჭისყრის პროცესის პარალელურად მაუწყებლის ახალი შენობის გარეთ - თბილისში, პოლიტკოვსკაიას #31-ში აქცია იმართება.

ვასილ მაღლაფერიძე საბჭოს თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო - ის ბონდო მძინარაშვილმა დაასახელა, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ კვოტით მოხვდა სამეურვეო საბჭოში.

მაღლაფერიძე რვა ხმით აირჩიეს. მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება კი ღიად გამოხატა სამეურვეო საბჭოს დანარჩენმა (სამმა) წევრმა: ლაშა ტუღუშმა, ლიკა ბასილაია-შავგულიძემ და ზაზა აბაშიძემ.

მაღლაფერიძე გასული სამი წლის განმავლობაშიც იკავებდა მსგავს თანამდებობას. სწორედ მის მიმართ გააჟღერეს თანამშრომლების ნაწილმა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შესახებ ეჭვები - სამეურვეო საბჭოს წევრს არ შეუძლია საინფორმაციო გამოშვების დაგეგმვასა და საკითხების გაშუქებაში ჩართვა, ამას მას „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი უკრძალავს.

დაახლოებით ორი კვირის წინ, 21 მარტს სამეურვეო საბჭომ ვასილ მაღლაფერიძის ხელმძღვანელობით იმსჯელა იმ რამდენიმე თანამშრომლის (ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაიშვილის) განცხადებებზე, რომლებიც აკრიტიკებდნენ არხის სარედაქციო პოლიტიკას. საბჭოს წევრებმა (ვასილ მაღლაფერიძე, გია მურღულია, გიორგი კოხრეიძე, თამილა დოლიძე, ბონდო მძინარაშვილი, იზებელა ოსიპოვა, გიორგი იაკობაშვილი, სოსო სტურუა) პროკურატურის ჩართულობა და აღნიშნული ჟურნალისტების საქმის შესწავლა მოითხოვეს.

ვასილ მაღლაფერიძის შესახებ

სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევამდე მაღლაფერიძე იყო ამავე ტელევიზიის გენერალური დირექტორი, თუმცა მაუწყებლიდან წასვლასა და დაბრუნებას შორის, 2021 წლის იანვარ-მარტში, იყო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე ბორდის თავმჯდომარის ბიოგრაფიაში არ წერია, რომ ვასილ მაღლაფერიძე გარკვეული პერიოდი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე იყო.

ამონარიდი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ბიოგრაფიიდან

ამონარიდი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ბიოგრაფიიდან

ვასილ მაღლაფერიძე სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ამავერ პარტიის წევთა ხმებით ის მეურვე 2022 წლის 13 აპრილს გახდა. მისი არჩევის მომხრე 83 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი - 19.

მაღლაფერიძეს მრავალფეროვანი ჟურნალისტური და მენეჯერული კარიერა აქვს, მათ შორის, ბოლო იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიებში წამყვან თანამდებობებზე. ამ ტელევიზიებში მუშაობის შემდეგ აირჩიეს ის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად.

სამეურვეო საბჭოში სულ 11 წევრია. თითოეული მათგანი ექვსი წლით აირჩევა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი მმართველ პარტიას შესაძლებლობას აძლევს წევრთა უმრავლესობა მათ მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით აირჩიოს - კანდიდატს კენჭს პარლამენტი უყრის, სადაც მანდატების უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს.

სრულად წაკითხვა