2022 წლის 29 ივნისით დათარიღებულ ანდერძში პაპი ფრანცისკე აღნიშნავს, რომ რადგან მიწიერი ცხოვრების დასასრულს გრძნობს და მარადიული სიცოცხლის იმედი აქვს, სურს გამოთქვას ბოლო სურვილი დაკრძალვის ადგილის შესახებ.
პაპმა ითხოვა, რომ დაკრძალონ სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში, საფლავი იყოს სადა, წარწერით: ფრანცისკე.
ღვთისმშობელ მარიამის სახელობის ტაძარი, სანტა მარია მაჯორე რომის პაპის ოთხი ბაზილიკიდან ერთ-ერთია.
ფრანცისკეს ანდერძში მითითებულია ბაზილიკის კონკრეტული ადგილი, სადაც დაკრძალვა სურს. პაპი აღნიშნავს, რომ დაკრძალვის ხარჯი დაიფარება ქველმოქმედისგან მიღებული თანხით, რომელიც მისი განკარგულებით გადაერიცხება სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკას.
პაპი ფრანცისკე მადლობას უხდის ყველას, ვისაც უყვარდა და მისთვის ლოცულობდა და ანდერძს ასრულებს სიტყვებით, რომ ცხოვრების ბოლო პერიოდში თავის ტანჯვას უფალს უძღვნის მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და ხალხთა შორის ძმობისთვის.
პაპი ფრანცისკე 2025 წლის 21 აპრილს, ვატიკანში გარდაიცვალა. რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 88 წლის იყო.
ვატიკანის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის დასკვნით, პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა ინსულტით, რომელსაც გულსისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა.
რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო ორმხრივი პნევმონიის, ჰიპერტონიისა და მეორე ტიპის დიაბეტის გამო.