ვატო შაქარაშვილი ისევ დაუპირისპირდა ახალგაზრდებს, ვინც მას მონად მიიჩნევს

23 hours ago 4

ვატო შაქარაშვილი, პარტია ქართული ოცნების ყოფილი წევრი და თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, რომლის მიმართვის საფუძველზეც პროკურატურა საქველმოქმედო ფონდების წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს და გამოძიების პროცესში ყველა ის ფონდი დაყადაღებულია, ვინც საპროტესტო აქციებზე დაკავებულებს და დაჯარიმებულებს ეხმარებოდა, კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა ახალგაზრდებს, ვინც ქუჩაში მის მიმართ დამოკიდებულება ვერბალურად გამოხატა. რამდენიმე ადამიანი ვატო შაქარაშვილს 6 აპრილს, რუსთაველზე გამზირზე, კაფე მუზეუმთან იმ დროს გამოჩნდა, როცა ის პროპაგანდისტული პოსტ ტვ-ს გადამღებ ჯგუფთან ერთად იყო. ახალგაზრდებმა მას დაუძახეს, რომ არის მონა და რომ არ გაახარებს იმ ბავშვების ცოდვა, ვის დახმარებასაც ვერ ახერხებენ დაყადაღებული ფონდების ხელმძღვანელები. შემთხვევის ადგილიდან ინცინდენტის ამსახველი ვიდეოფრაგმენტები ვრცელდება, სადაც ჩანს რომ შაქარაშვილი ცდილობს ახალგაზრდებს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენოს, ხელი შეუშალოს გადაღებაში და ვერბალურადაც აყენებს შეურაცხყოფას, მათ მიიჩნევს მართულებად, რომლებსაც "დაღუპავენ" ამგვარი ქცევის დავალების მიმცემები.

ოცნების ყოფილი წევრი, ვატო შაქარაშვილი დღეს მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერად არის წარმოდგენილი საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2024 წლის 10 ივლისს დაფუძნებული ეს არის ორგანიზაცია, ხშირად იმეორებს „ქართული ოცნების“ გზავნილებს. ორგანიზაციის განცხადებებს როგორც წესი, ხელისუფლებასთან აფილირებული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

"ოთხი ვიყავით, სამი გოგო და ერთი ბიჭი. კადრებში არ ჩანს, რომ მეც დამარტყა, ერთ ჩემ მეგობარ გოგოსაც და ჩვენს თანმხლებ ბიჭსაც" - ეუბნება რადიო თავისუფლებას თათია აფრიამაშვილი, ვინც დაპირისპირების ამსახველი კადრები გაავრცელა ფეისბუკზე. ამ კადრებში ჩანს რომ ინცინდენტის ადგილას მალევე ჩნდება გოგა ხაინდრავა და რამდენიმე სხვა პირი, ვის იდენტიფიცირებასაც რადიო თავისუფლება ვერ ახერხებს.

6 აპრილის შემთხვევა გაგრძელებაა 5 აპრილს მომხდარი დაპირისპირებისა, სადაც ქაშუეთის ეკლესიიდან გამოსული ვატო შაქარაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა მთავარი არხის ჟურნალისტს, გიორგი მამნიაშვილს, რომელმაც მას მონა დაუძახა. მამნიაშვილს, რომელიც უკვე გამოკითხა პოლიციამ, ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. მისი თქმით, შაქარაშვილმა მას სახეში რამდენჯერმე დაარტყა და წიხლიც ჩასცხო ფეხში.

ძალადობას თავად შაქარაშვილიც უარყოფს.

“ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში… იყოს ჭკუის სასწავლებელი, რომ აღარავის გაუბედოთ მსგავსი! იცოდეთ, რომ შეურაცხყოფაზე რეაქცია აუცილებლად გვექნება!”, – დაწერა მან 5 აპრილს ფეისბუკის პირად გვერდზე.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, 5 აპრილის შემთხვევაზე გამოძიება 126 მუხლით დაწყებულია - სისხლის სამართლის ეს მუხლი, რაც ძალადობას გულისხმობს, პატიმრობით ისჯება.

დაიწყება თუ არა გამოძიება 6 აპრილის შემთხვევაზეც, ამ კითხვაზე პასუხს რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდება. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

სრულად წაკითხვა