ვახტან გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა როლანდ მესხი, რომელმაც აქტივისტს თმაზე მოქაჩა

5 hours ago 3

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ დაინიშნა რონი (როლანდ) მესხი.

მესხი საზოგადოების ყურადღების ცენტრში 21 აპრილს მოექცა, როცა თბილისში, პარლამენტის მიმდებარე პროევროპულ აქციაზე ახალგაზრდა ქალს, 20 წლის ნატო ჭიოკიძეს თმაზე მოქაჩა. ვიდოკადრებში ჩანს, რომ ის დემონსტრანტს უკნიდან მიეპარა, თმაში ხელი მოკიდა და ასე ცდილობდა მის შეჩერებას.

როლანდ მესხი 2021 წლის ივლისიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. პრესსამსახურის ცნობით, მას 20 წლიანი საპოლიციო საქმიანობის სტაჟი აქვს, თუმცა რა თანამდებობაზე მუშაობდა ის წინა ხელისუფლების დროს, დაკონკრეტებული არ არის.

დღეიდან ვახტანგ გომელაურს ექვსი მოადგილე ეყოლება. ამ დრომდე პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა შალვა ბედოიძე. მის მსგავსად, მოდგილის თანამდებობას იკავებენ: ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, იოსებ ჭელიძე და შალვა ბედოიძე.

საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი პროევროპული აქციების მიმდინარეობის პარალელურად „ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრანტების შესაზღუდად არაერთი კანონი მიიღო: გაზარდა ჯარიმები, აკრძალა ლაზერების, ნიღბებისა და პიროტექნიკის გამოყენება. ამის მიუხედავად, პროტესტი არ წყდება - დემონსტრანტები რუსთაველზე შეიკრიბნენ აღდგომის ღამესაც.

„გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ ასობით ადამიანი დააჯარიმეს, მათ შორის ჟურნალისტები, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებდნენ. ასობით ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესითაც - პოლიციელის „კანონიერი მოთხოვნისადმი“ დაუმორჩილებლობისთვის.

ამ ხუთი თვის განმავლობაში არაერთმა პოლიციელმა იძალადა მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე, თუმცა არცერთი მათგანი არ არის დასჯილი.

სრულად წაკითხვა