15 მაისს, ყოფილი საოპერო მომღერლისა და პოლიტიკოსის, პაატა ბურჭულაძის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომესაც ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები. მონაწილე პარტიების სრული ჩამონათვალი უცნობია.
ხაბეიშვილმა ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ 2025 წლის 4 ოქტომბრისთვის დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, - რომელსაც „ცრუ არჩევნები“ უწოდა, - „ვერ ჩატარდება.
„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი“, - თქვა ხაბეიშვილმა. მას არ დაუზუსტებია დეტალები, - არც ის, ვის გულისხმობს „ყველაში“, და განაცხადა:
„რა ფორმით იქნება და ვინ მიიღებს მონაწილეობას, იქნება თუ არა ეს საარჩევნო უბნებზე მისვლით, ეს სამსჯელო საკითხია და მსჯელობა მიმდინარეობს“.
„ე.წ. არჩევნები თავსლაფდასხმულმა, გაჟონილმა ივანიშვილმა ვერ უნდა ჩაატაროს. ამ მნიშვნელოვან საკითხზე ამ ეტაპისთვის გარკვეული შეთანხმება არსებობს, თუმცა მსჯელობა გახსნილია და მიმდინარეობს“, - თქვა მან.
პაატა ბურჭულაძემ კი განაცხადა, რომ „ბევრი ვარიანტი“ არსებობს იმისათვის, რომ „ჩვენ თვითონ ჩავატაროთ არჩევნები“.
„არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს - როგორ უნდა ჩავატაროთ. აუცილებლად იქნება ასეთი დევიზი - „არ ჩაგატარებინებთ ცრუ არჩევნებს“. ჩვენია ეს ქვეყანა, ჩვენ უნდა ჩავატაროთ ყველაფერი, რაც ამ ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა მან.
ბურჭულაძემ თქვა ისიც, რომ ამ მიზნით ახალ გაერთიანებას „რუსთაველის გამზირი“ ერქმევა და ახსენა „არჩევნების ტელეფონით ჩატარება“.
ჯერჯერობით გაურკვევეია, რომელი პოლიტიკური ძალები უჭერენ მსგავს ინიციატივას მხარს და რამდენად რეალისტურია იგი.