WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო ირანის წინააღმდეგ სასანქციო რეჟიმს ითვალისწინებს, მაგრამ ამ ქვეყანას ორმხრივ სანქციებს არ უწესებს.

„ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი. ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში 21 სექტემბრიდან შეწყდება.

„იცით, რომ სასანქციო რეჟიმებს ვითვალისწინებთ. იყო შესაბამისი სანქციები ამოქმედებული და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ყოველთვის ითვალისწინებს სასანქციო რეჟიმებს, სხვადასხვა ქვეყნის მიმართ, როდესაც კონკრეტული ინსტიტუტები და სახელმწიფოები აწესებენ ასეთ სანქციებს, მივიღეთ ჩვენც შესაბამისი გადაწყვეტილება, რაზეც ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება”, - აღნიშნა კობახიძემ.

ამერიკული სანქციები

2026 წლის 8 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა ირანის საავიაციო სექტორის მხარდაჭერის გამო 36 კომპანიასა და ორგანიზაციას დაუწესა სანქციები. მათ შორის არიან კომპანიები, რომლებიც საქართველოს მიმართულებით რეისებს ასრულებენ.

10 სექტემბერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ ქართული მხარე „საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით“ იმოქმედებს და ითვალისწინებს ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებულ სასანქციო მექანიზმებს.

ამ განცხადების შემდეგ საქართველოში ირანის საელჩომ გამოაქვეყნა შავი ზღვის რეგიონის რუკა, რომელზეც საქართველოს მხოლოდ დასავლეთი ნაწილი, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთი ჩანს, და განაცხადა:

„[ეს] არის გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, როგორც ამ ქვეყნის არჩევანს. თუმცა ირანელები იმოგზაურებენ, ნახავენ და შეიცნობენ... და შესაძლოა, სწორედ ამ ახლის არჩევანში ახალი მეგობრობებიც ჩამოყალიბდეს“.

ირანის ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმ 13 სექტემბერს ასევე განაცხადა, რომ „დღევანდელ გლობალურ ეკონომიკაში ერთი ... სავაჭრო მარშრუტის გამორიცხვა ყოველთვის არ ნიშნავს ახალი შესაძლებლობის შექმნას“.

მან კომენტარში ასევე დაწერა, რომ საქართველომ ეს ნაბიჯი (ირანული კომპანიების შეზღუდვა) „ამერიკის დიდებისთვის“ გადადგა.

14 სექტემბერს ელჩმა დაამატა, რომ თბილისის გადაწყვეტილებას, „ეკონომიკურ შედეგებთან ერთად, ადამიანური და სოციალური შედეგებიც აქვს“. მან წერილობით მიმოიხილა „ფერეიდნელების მიერ ენისა და იდენტობის შენარჩუნების საკითხი 400 წლის განმავლობაში“ და სანქციებთან საქართველოს შეერთების რისკებს შორის დაასახელა „საქართველოს საზოგადოებასა და საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს შორის სოციალური და ადამიანური კავშირების გაწყვეტა“.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ირანის ელჩის განცხადებების პასუხად თქვა, რომ თბილისის პოლიტიკას „ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს“.

„ზოგადად, ასეთ თემებზე საჯარო განცხადების გაკეთება არასწორია. თუ ჩვენ რაიმე გვექნება სათქმელი ელჩთან, ელჩთან ვისაუბრებთ“, - თავდაპირველად ასე უპასუხა მან ჟურნალისტების შეკითხვას 14 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში.

საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა ირანთან

საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ურთიერთობები არაერთხელ მოქცეულა ყურადღების ცენტრში.

მაგალითად, 2013 წელს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი აღწერდა, როგორ გაიზარდა ირანული ბიზნესი საქართველოში იმ პერიოდში, როდესაც ირანი დასავლური სანქციების ქვეშ იყო.

საქართველოში მოქმედ ათასობით ირანულ კომპანიაზე ახლახან წერდა რადიო თავისუფლებაც.

2026 წლის 7 აგვისტოს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები დაუწესა საქართველოში დაფუძნებულ კრიპტოკომპანია „შელბითს“ (Shelbit) და მის მფლობელს, სიავაშ კაივანპურს. OFAC-ის ცნობით, კომპანია ჩართული იყო ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებულ კრიპტოვალუტის ტრანზაქციებსა და სანქციების გვერდის ავლისთვის შექმნილ ფინანსურ სქემებში, მათ შორის ფულის გათეთრებაში.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველოდან ირანში ექსპორტი განსაკუთრებით გაიზარდა, ძირითადად ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე.

2024 წელს საქართველოდან ირანში ჯამური ექსპორტი 36,7 მლნ დოლარს შეადგენდა, 2025 წელს 38,8 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო 2026 წლის იანვარ-ივლისში 144 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

ირანიდან იმპორტი 2024 წელს 285 მლნ დოლარს შეადგენდა, 2025 წელს 251,8 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო 2026 წლის შვიდ თვეში - 145,4 მლნ დოლარი.