აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც აცხადებს, რომ 7 ომი უკვე დაასრულა და მერვესაც ასრულებს (ღაზის სექტორში), მაინც ვერ მიიღო 2025 წლის ნობელის მშვიდობის პრემია. წლევანდელი ლაურეატი გახდა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო (Maria Corina Machado) – დემოკრატიული თავისუფლებების დაცვისა და ავტორიტარული რეჟიმიდან მშვიდობიანი დემოკრატიისკენ გადასვლის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
მშვიდობის პრემია
„ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, 2025 წლის ნობელის მშვიდობის პრემია მიანიჭოს მარია კორინა მაჩადოს. დაუცხრომელი მუშაობისთვის ვენესუელის ხალხის დემოკრატიული უფლებების განვითარებისთვის“, – განაცხადა კომიტეტის წარმომადგენელმა.
„მარია კორინა მაჩადო გახდა მთავარი გამაერთიანებელი ფიგურა პოლიტიკური ოპოზიციისა, რომელიც ოდესღაც უკიდურესად დაქსაქსული იყო, – ოპოზიციისა, რომელმაც იპოვა საერთო ნიადაგი თავისუფალი არჩევნებისა და წარმომადგენლობითი მმართველობის მოთხოვნისათვის“, – ნათქვამია ნობელის კომიტეტის პრესრელიზში.
ნობელის კვირა 6 ოქტომბერს გაიხსნა სტოკჰოლმში და 13 ოქტომბერს დასრულდება.
ამ დროისთვის ცნობილია ლაურეატები ყველა დარგში, ეკონომიკის გარდა:
ლიტერატურა
ლასლო კრასნაჰორკაი (László Krasznahorkai, უნგრეთი) – პოპულარობა მოიპოვა 1985 წელს გამოქვეყნებული რომანით „სატანტანგო“, რომელიც აღწერს გაღატაკებული ადამიანების ცხოვრებას „უნგრეთის სოფლის მიტოვებულ ფერმაში კომუნიზმის დაცემამდე ცოტა ხნით ადრე… „მისი მძლავრი, წარმოსახვითი ლიტერატურული ტრაექტორია კიდევ ერთხელ ამტკიცებს ხელოვნების ძალას“. ეს რომანი უნგრეთში ლიტერატურული სენსაცია გახდა.
კრასნაჰორკაი მეორე უნგრელი მწერალია, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა – 2002 წელს ეს ჯილდო იმრე კერტესმა მიიღო.
ფულადი პრემია – 11 მილიონი შვედური კრონი (1,2 მილიონი დოლარი).
ფიზიკა
ჯონ კლარკი, ჯონ მარტინი, მიშელ დევორე – მაკროსკოპური კვანტურ-მექანიკური ტუნელირებისა და ელექტროჯაჭვში ენერგიის დაკვანტვის კვლევებისთვის. სამივე მუშაობს ამერიკულ უნივერსიტეტებში (კალიფორნია, იელი).
ქიმია
სუსუმუ კიტაგავა (იაპონია), რიჩარდ რობსონი (ავსტრალია), ომარ იაგი (აშშ) – ლითონორგანული ჩარჩოების (MOF) შექმნისთვის. ეს მოლეკულური კონსტრუქციები დიდი სივრცეებით უდაბნოში ჰაერიდან წყლის მოპოვების, ნახშირორჟანგის შთანთქმის, ტოქსიკური აირების განეიტრალების საშუალებას იძლევა და ააქტიურებს ზოგიერთ ქიმიურ პროცესს კატალიზატორთან ან სელექციურ გარემოსთან ერთად.
ფიზიოლოგია და მედიცინა
მერი ბრანკოუ, ფრენკ რემსდელი (აშშ), შიმონ საკაგუჩი (იაპონია) – პერიფერიული იმუნური ტოლერანტობის აღმოჩენებისთვის, რომელთა საფუძველზე შემუშავებული მკურნალობის პოტენციური მეთოდები კლინიკური გამოცდის ეტაპზეა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ აღმოჩენა ხელს შეუწყობს ავტოიმუნური დაავადებებისგან განკურნებას და კიბოს უფრო ეფექტიანად მკურნალობას.
ნობელის პრემია
ნობელის პრემია დაარსდა ალფრედ ნობელის ანდერძით 1901 წლიდან და ჯილდოვდებიან განსაკუთრებული წვლილის მქონე ადამიანები ფიზიკაში, ქიმიაში, ლიტერატურაში, მედიცინაში, მშვიდობის დარგში და ეკონომიკაში (1969 წლიდან).
ნობელის პრემიას ანიჭებს 4 დაწესებულება.
- შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემია (ქიმია, ფიზიკა, ეკონომიკა);
- შვედეთის აკადემია (ლიტერატურა);
- სამეფო ინსტიტუტის ნობელის ასამბლეა (ფიზიოლოგია და მედიცინა);
- ნორვეგიის ნობელის კომიტეტი (მშვიდობის პრემია).
ნობელის პრემიას ყველა დარგში, მშვიდობის გარდა, ლაურეატებს გადასცემენ სტოკჰოლმში (შვედეთი), მშვიდობის პრემიას კი – ოსლოში (ნორვეგია).
ნინო ხოშტარია